ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთში, რესტორან „თამარიონში“ “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან, ბეგლარ სიორიძესთან შეხვედრა იმართება.
როგორც “გურია ნიუსს“ აცნობეს დღეს 18:00 საათზე “თამარიონში“ დაბარებულები იყვნენ საბავშვო ბაღების, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, სოფლების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების“ აქტივისტები.
“გურია ნიუსმა“ მოახერხა ვიდეო კადრების გადაღება თუ როგორ შედიან რესტორანში შეხვედრაზე საჯარო მოხელეები. კომენტარი ვთხოვეთ იქვე მყოფ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს ალეკო ბურჭულაძეს, რომელმაც არ გვიპასუხა. ასევე, უპასუხოდ დატოვა ჩვენი კითხვა საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა მამუკა ქილიფთარმა და “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა ქეთი ვასაძემ.
შეხვედრაზე იმყოფება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტი გიორგი ხუროშვილი, რომელიც შვებულებით სარგებლობს და ახლა #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტია. ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით “ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის უფროსს, გიორგი ღურჯუმელიძეს, რომელმაც არ გვიპასუხა.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზვიად თენიეშვილს და კომენტარი ვთხოვეთ თუ რატომ იმყოფებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი შეხვედრაზე, რაზეც გვიპასუხა, რომ ის ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა.
“ნახევარი საათის წინ სამსახურში იყო. ვააა… როდის მოასწრო გასვლა, წეღან აქ იყო. ისე, ახლა რომელი საათია? არასამუშაო დროა და ყველას შეუძლია სადმე წავიდეს. “თამარიონი” არის რესტორანი და იქნებ, რესტორანშია. არ ვიცი, ხუროშვილის მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე ყოფნას ვერ დავადასტურებ“, _ გვითხრა თენიეშვილმა.