ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გომისმთაზე თოვლში ჩარჩენილი მწყემსი შსს-ს მაშველებმა ბარში უკვე ჩამოიყვანეს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა.
“სამაშველო ჯგუფი ოზურგეთიდან, შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდა.
შსს-ს მაშველები, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, მთაზე ქვეითად ავიდნენ. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ მწყემსმა, დიდთოვლობის და მთაზე არსებული დაბალი ტემპერატურის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, კარავი გაშალა და ცეცხლი დაანთო, თუმცა, კვამლმა მხედველობა დაუზიანა, რის გამოც გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
შსს-ს მაშველებმა მამაკაცი მთიდან საკაცით ჩამოიყვანეს” _ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, მწყემსის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამჟამა საფრთხე არ ემუქრება.