ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით სოფელ ხიდმაღალაზე მდინარე სუფსა ადიდდა, რის გამოც 20-მდე საკარმოდამო ნაკვეთი დაიტბორა. ძლიერმა ქარმა კი 22 ოჯახს სახურავი დაუზიანდა.
საგანგებო შტაბი კვლავაც უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და სოფლებში ზარალის ზუსტი ოდენობის დათვლა მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორილია საყანე ფართობები, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სუფსაშია.
ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ჩოჩხათის, მამათისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ლანჩხუთის სერვისცენტრის ინფორმაციით, დაზიანებების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.