ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გზის დაგებისთვის 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სამუშაოები კომპანია “გზამშენი-18“-მა უნდა შეასრულოს. კომპანიის დირექტორი და ერთ-ერთი მეწილე თემურ ჯახვაა, რომელმაც “ქართულ ოცნებას“ წელს 15 000 ლარი შესწირა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ “ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის მერია-ლაითურის საავტომობილო გზის 5.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მერიაში იწყება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან სრულდება. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: ერთი მილხიდის რეაბილიტაცია, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. ასევე გათვალისწინებულია საავტომობილო გზის მონიშვნა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მოინახულეს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 975 000 ლარს შეადგენს. პროექტი 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.“
“გზამშენი 18“-ს პროექტი ხელისუფლებამ ტენდერის გარეშე მისცა და ხელშეკრულება 23 აგვისტოს გაუფორმდა. თემურ ჯახვამ, რომელიც მაშინ საკრებულოს დეპუტატი იყო “ნაციონალური მოძრაობიდან“, 2010 წელს სახელისუფლებო პარტიასაც შესწირა ამავე რაოდენობის თანხა. ჯახვა ამბობს, რომ მხარს “ქართულ ოცნებას“ უჭერს, პარტიას დაეხმარა და 3-მილიონიანი პროექტის ტენდერის გარეშე მიღება შეწირულობას არ უკავშირდება.
_ ბატონო თემურ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, წელს, 5 სექტემბერს “ქართულ ოცნებასაც“, შესწირეთ 15 ათასი ლარი…
_ჩემზე კარგად იცით თქვენ ეგ… კი, 15 000 ლარი შევწირე.
_ ამ შემოწირულობის გამო ხომ არ მიიღეთ 3-მილიონიანი პროექტი ტენდერის გარეშე?
_ არაფერ კავშირში არ არის შემოწირულობა. ჩემი კომპანია აკეთებს, აგებს გზას ლაითურში. 5 ორგანიზაცია მონაწილეობდა და ჩემმა წინადადებამ გაიმარჯვა; თან, დაჩქარებული წესით უნდა გავაკეთო. გზის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება. პირველი მონაკვეთი სოფელ მერიიდან დაბა ლაითურის ცენტრამდეა და დაიხარჯება 2 მილიონ 975 ათასი ლარი, _ ამბობს თემურ ჯახვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ „ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი არ არის „შემსყიდველი“, „შემსრულებლის“ თაობაზე ინფორმაციის მოწოდება სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს“.
_ მოგეხსენებათ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, რომლის ღირებულება 4 703 426 ლარს შეადგენს. ასეთი მასშტაბური პროექტის მიმდინარეობისას, მნიშვნელოვნად ზიანდება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რთულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, განსაკუთრებით _ ნალექიან ამინდში, რის გამოც, მგზავრებს გადაადგილებისას ექმნებოდათ დისკომფორტი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა წუხდებოდა მტვრისგან.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაბაში მშენებარე სასჯელაღსრულების დაწესებულება დამთავრების სტადიაშია, რის შემდგომ, არსებული ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობა, უფრო მეტად მოიმატებს, ხოლო ზამთრის ნალექების შედეგად, მდგომარეობა მეტად გართულდებოდა. საზოგადოებისთვის ცნობილია ისიც, რომ აღნიშნული გზა არაერთხელ გადაკეტა მერიის მონაკვეთზე (რკინიგზის შლაგბაუმის მიმდებარედ) ადგილობრივმა მოსახლეობამ, რაც “გურია ნიუსს“ არაერთხელ გაუშუქებია. ამავდროულად, დღის წესრიგში იდგა ლაითური-ცეცხლაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია და ხიდის მშენებლობა, რომლითაც ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ზამთრის დადგომამდე გახორციელებულიყო შესაბამისი სამუშაოები, _ განმარტავს არჩილ ყაზაიშვილი.