ეს წუთია, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დასრულდა ქ. ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების უფროსის ხათუნა შარაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა, რომელიც 12 ოქტომბერს, #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შედგა.
სასამართლო სხდომაზე ხათუნა შარაძემ აღიარა მის წინააღმდეგ წარდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მართებულობა და თქვა, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, ეს არ იყო მის მიერ შეგნებული ქმედება. შარაძემ მოსამართლეს მისი მდგომარეობის გათვალისწინება სთხოვა და აღნიშნა რომ, ვინაიდან მისი ხელფასი შეადგენს 720 ლარს, მას არ საქვს საშუალება გადაიხადოს 2000-ლარიანი ჯარიმა.
“ცოტა ხნის წინ, გავიკეთე ორი უმძიმესი ოპერაცია, ამ ეტამზე ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა რთულია. რადგან ჩემი სახელფასო ანაზღაურება 720 ლარია მე ვერ შევძლებ გადავიხადო ჯარიმა”, _ მიმართა მოსამართლეს შარაძემ.
მოსამართლე ბიძინა სტურუამ აღნიშნა, რომ, რადგან შარაძის მხრიდან ადმინისტრაციულ დარღვევას ადგილი მეტად არ ჰქონია, მან გაითვალისწინა შარაძის ეკონომიკური მდგომარეობა და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.
შეგახსენებთ, რომ ოქმის შედგენის მიზეზი გახდა, ქ. ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების უფროსის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტი, კერძოდ, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მიბმული იყო პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ფეისბუქგვერდი, ნაცვლად ქალაქის მერიის ოფიციალური ფეისბუქგვერდისა.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საჩივარზე, მაშინ “გურია ნიუსთან” კომენტარი გააკეთეს ქალაქის ადმინისტრაციულ ორგანოში:
„ეს არ გახლავთ მიზანმიმართული ქმედება, რადგან საქმე გვაქვს ტექნიკურ ხარვეზთან. ვინაიდან, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მის ფეისბუქგვერდს _ “ბეგლარ სიორიძე/beglar sioridze“, სადაც პრესსამსახური მერის საქმიანობის ამსახველ მასალებს ათავსებდა, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში შეეცვალა სახელწოდება _ “ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის მერად/beglar sioridze ozurgetis merad“. ქმედება არ გახორციელებულა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიზნით, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ხსენებულ ვებგვერდზე ozurgeti.gov.ge არ არსებობს არცერთი ფოტო-ვიდეო თუ სხვა სახის მასალა, რომელიც შეიცავს სააგიტაციო საქმიანობის ნიშნებს. ამ დროისთვის ხსენებული ხარვეზი გასწორებულია,“ _ მოგვწერეს მერიიდან.