აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძე საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ომში დაღუპულის ცხედარი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გმირს ქობულეთის გამგებელმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თანამოქალაქეებმა პატივი მიაგეს.
თეიმურაზ ჯორბენაძე სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. იგი 24 წლის მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მიჩნეული. გმირის ნეშთი 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილ 25 მებრძოლს შორის იაშტუხას ძმათა სასაფლაოზე იქნა აღმოჩენილი.
თეიმურაზ ჯორბენაძეს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თეიმურაზ ჯორბენაძე 1993 წლის 27 სექტემბერს 31 წლის ასაკში დახვრიტეს. ახალგაზრდა გმირს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
2014 წელს ქობულეთის N3 საჯარო სკოლას თეიმურაზ ჯორბენაძის სახელი მიენიჭა, ასევე, ქალაქში ერთ-ერთი გადასასვლელი გმირის სახელს ატარებს.