დღეს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის შედეგები გახდა ცნობილი. მონიტორინგის პერიოდში „გურია ნიუსში“ არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები არ გამოვლენილა.
„გურია ნიუსში“ ყველაზე აქტიურად „ქართული ოცნების“ (30%), მთავრობისა (15%) და ადგილობრივი მთავრობის (21%) საქმიანობა გაშუქდა. უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა. დადებით ტონის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი კი პრემიერ-მინისტრს (43%) ერგო.
„გურია ნიუსი” საკმაოდ აქტიურად აშუქებდა, როგორც რეგიონის, ასევე, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს. რეგიონული მოვლენების გაშუქებისას ჩანდა მცდელობა, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები. გაზეთში ხშირად გვხვდებოდა რეგიონში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების კრიტიკული ანალიზი (მაგალითად, სტატიებში: „გაპიარებული კურორტის პრობლემები“, 14 აგვისტო, გვ. 4; „მალე თხილსაც ჩაივით აჩეხავს ხალხი“, 17 აგვისტო, გვ. 1-5). მონიტორინგის პერიოდში გვხვდებოდა რეკლამის ნიშნით განთავსებული „ქართული ოცნების“ სარეკლამო მასალები.აღსანიშნავია, რომ „გურია News” სათანადოდ მიჯნავს სარეკლამო სტატიებს სარედაქციო მასალებისგან.
მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „გურია News” ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. გაზეთში დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.
მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია მედიამონიტორინგის შედეგები 19 ივნისიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით. მასალის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები: არც ერთ რეგიონულ გამოცემაში არ გვხვდება ისეთი შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია, როგორიც გასული წლების მონიტორინგის პერიოდებში სისტემატურად გვხვდებოდა თბილისში გამოცემულ არაერთ გაზეთში; რეგიონული გამოცემების დიდი უმრავლესობა პოლიტიკურ ძალებს აშუქებს· ობიექტურად და მიუკერძოებლად; რეგიონული გამოცემების დიდი უმრავლესობა აქტიურად აშუქებს რეგიონში არსებულ სოციალურ პრობლემებს და ცდილობს აღნიშნულ პრობლემებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარების მოპოვებას; რეგიონული გამოცემების დიდი უმრავლესობა აქტიურად აშუქებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმატებით გახორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე შეუსრულებელი სამუშაოების კრიტიკულ შეფასებებს; რეგიონულ გამოცემებში გვხვდება ინტერვიუები, სადაც ჟურნალისტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ახსენებენ წინასაარჩევნო დაპირებებს და ეკითხებიან თუ რამდენად შესრულდა აღნიშნული დაპირებები; რეგიონულ გამოცემებში ხშირად გვხვდება ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება ცალკეულ სტატიებში. რეგიონში არსებული პრობლემების გაშუქებისას რესპონდენტებად ხშირად არიან წარმოდგენილნი როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა; რეგიონულ პრესაში არ შეინიშნება განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიმართ; რეგიონული გამოცემების უმეტესობა თანაბარ ფართობს უთმობს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო საქმიანობის გაშუქებას; მხოლოდ ორ რეგიონულ გამოცემაში („ბორჯომი“ და „სვანეთი“) შეინიშნებოდა ცალსახად დადებითი განწყობა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ; მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა რეგიონულ გამოცემაში სათანადოდ იყო გამიჯნული სარეკლამო სტატიები სარედაქციო მასალებისგან; სარეკლამო მასალების არასათანადო მითითება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გაზეთში „რეზონანსი“; დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევები გამოვლინდა გაზეთში „კვირის პალიტრა“; პრაქტიკულად ყველანაირი ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის ნორმის დარღვევის შემთხვევები გვხვდება „ასავალ-დასავალის“ ყველა ნომერში.
წინამდებარე ანგარიში მომზადებული და გამოცემულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მისი შინაარსის აღქმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პოზიციად დაუშვებელია.