“სამართლიანი არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში მოხდა ზეწოლა/მუქარის _ 23; სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების _ 1; ძალადობის _ 2; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის _ 3; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების _ 6; შენობა-ნაგებობების არამართლზომიერი გამოყენების _ 1; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის _ 6; სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 შემთხვევა. ასევე, საყურადღებოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში არსებული გადაცდომების 6 ფაქტი.
“გურია ნიუსი“ გთავაზობთ იმ ქეისებს, რომლებიც “სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში დააფიქსირეს.
“12 ოქტომბერს, 11:55 საათისათვის, #22 საარჩევნო უბანი, რომელიც განთავსებულია სოფელ მშვიდობაურში, არასრულ საჯარო სკოლაში, დაკეტილი იყო. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დაკეტილი უბანი მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის ვიზიტის შემდეგ გახსნა. კომისიის თავმჯდომარის, ირმა ქასრაშვილის თქმით, კომისიაში ყველა პედაგოგია და შესვენების დროს კარებს კეტავენ, რამე რომ არ დაიკარგოს. თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის უბანზე ვიზიტისას შესვენების დრო არ იყო და გაკვეთილი მიმდინარეობდა“.
“11 ოქტომბერს, 17:30-ზე უბნებზე გახორციელებული დაკვირვებისას „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა აღმოაჩინა, რომ ლანჩხუთის #35 საარჩევნო უბანზე კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სახლში ჰქონდა წაღებული. უბანზე არ იყო გამოკრული ამომრჩეველთა ერთიანი სია“.
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრმა, ფიქრია მამარდაშვილმა მიაწოდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ #20 (წიფნარის) საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუჭავას პლაკატებია გაკრული. ფოტოზე, ასევე, ჩანს შენობის აივანზე მდგომი წიფნარის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სერგო მეფარიშვილიც. ფოტომასალა მამარდაშვილის მიერ არის გადაღებული“.
“11 ოქტომბერს, სოფელ მშვიდობარის სკოლაში, მეორე-მესამე გაკვეთილებს შორს შესვენების დროს, ამავე სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგთან, ლელა სიხარულიძესთან მივიდა გამგებლის წარმომადგენელი ბახვის თემში, გოჩა შარაშენიძე და გარეთ გაყოლა სთხოვა. სამასწავლებლოდან გამოსულ პედაგოგს შარაშენიძემ ჰკითხა თუ ვის აძლევს ხმას არჩევნებზე. მას შემდეგ, რაც სიხარულიძემ უპასუხა, რომ ხმას დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს აძლევს, გოჩა შარაშენიძე დაემუქრა, რომ სამსახურთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნებოდა.
ლელა სიხარულიძის თქმით, 10 ოქტომბერს სკოლის მიმდებარედ კონსტანტინე შარაშენიძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო და გამგებლის წარმომადგენლის მუქარა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა“.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიგვზიანის თემში, ბესიკ ტაბიძემ ამავე სოფელში „გუჯანას უბანში“ მცხოვრებ „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორს, ფატმან (მერი) სურმანიძეს, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ამირან გიგიენიშვილის პლაკატებს აკრავდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ვერც თვითონ და ვერც „გუჯანას უბნის“ მაცხოვრებლები მას რაიმეს თხოვნით ვერასოდეს მიმართავდნენ.
„ჩაჩანი აჭარელი მიძახა სულ, თან თითის ქნევით დამემუქრა და ეს პირველი შემთხვევა არაა. თავი გამარჯვებული ჰგონია უკვე და რა ვქნათ, ვის მივმართოთ, ასე რომ გვაშინებს?“ – განუცხადა აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად სოფელში მისულ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ფატმან სურმანიძემ. თავად მაჟორიტარობის კანდიდატმა მუქარის ფაქტი უარყო და „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორს შეურაცხადი უწოდა“.
„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჯურუყვეთის თემის მაჟორიტარობის კანდიდატზე, ვალერი დობორჯგინიძეზე ზეწოლა მისმა ბიძაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯურუყვეთის თემში, დავით დობორჯგინიძემ განახორციელა, რის გამოც „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი განცხადების საფუძველზე 26 სექტემბერს კანდიდატურა მოხსნა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ვალერი დობორჯგინიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო საკუთარი ბიძაშვილის სასიკეთოდ. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა სოფელ აცანაში. „პატრიოტთა ალიანსის“ აცანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით მიქაშავიძემ პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა კანდიდატურა. პარტიაში ეჭვობენ, რომ კანდიდატების გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ამავე თემში, ემზარ თედორაძეს უკავშირდება“.
“1 ოქტომბერს ბუკისციხე-იანეულის თემის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, იოსებ ბერიშვილმა კანდიდატურა მოხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასზე „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა და კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ სამსახურში დასაქმება შესთავაზეს. თუმცა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, დამოუკიდებელი კანდიდატი, იოსებ ბერიშვილი არ ადასტურებს ზეწოლის ან სამსახურის შეთავაზების ფაქტს“.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ჩოხატაურში ირაკლი კუჭავამ 14 ოქტომბერს, 2 საათზე ჩოხატაურის კულტურის სახლში პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დირექტორს დაევალა, აღნიშნულ შეხვედრაზე თითოეული სკოლიდან, სულ მცირე, 10 მასწავლებელი მიეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევდათ სამსახურის დატოვება. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს რამდენიმე პედაგოგმა დაუდასტურა, რომ დირექტორები ავალებენ კუჭავასთან შეხვედრაზე დასწრებას“.
“12 ოქტომბერს, მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, კობა კალანდაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხიდისთავის კოორდინატორს, ირაკლი გიორგაძეს ხიდისთავის თემის ცენტრში ხელი შეუშალა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის პლაკატის გაკვრაში და არ აძლევდა პლაკატების განთავსების საშუალებას. სააგიტაციო პლაკატების გაკვრა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი“.
“სოფელ ცხემლისხიდში, „ქართული ოცნების“ შტაბში განთავსებულია სოფლის მოსახლეობისთვის გადასაცემად განკუთვნილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები მუყაოს კოლოფებით. გამგებლის წარმომადგენელი დავით ჭანუყვაძე, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან აღნიშნავს, რომ პარტიის შტაბი პრეპარატის საწყობად გამოიყენა, რადგან პრეპარატები წვიმიან დღეს შემოიტანეს და ადმინისტრაციულ შენობაში ქიმიური პრეპარატის განსათავსებელად ადგილი არ ჰქონდათ, მაგრამ მისი გაცემა ადმინისტრაციული წარმომადგენლობის შენობიდან – სპეციალისტის, მარინა თუთბერიძის კაბინეტიდან ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ იქვე მდებარე ცხემლისხიდის ორსართულიან ადმინისტრაციულ შენობაში მხოლოდ 5 ოთახია დაკავებული, დანარჩენი – თავისუფალია“.
“მარინა თუთბერიძის კაბინეტის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ თავის სამუშაო მაგიდაზე მას „ქართული ოცნების“ პატარა დროშა ედო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში, გამგებლის თანაშემწესთან ყოველდღიურად უამრავი მოქალაქე შედის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის წასაღებად. აღნიშნულ თემში პრეპარატი 860 ოჯახზეა გასაცემი“.
“სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლას ემსახურება მიკროავტობუსი სახელმწიფო ნიშნით BXB-175, რომელსაც განთავსებული აქვს „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის საარჩევნო პლაკატები. მძღოლი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცხადებს, რომ ავტომობილი, რომლითაც სკოლას უნდა მოემსახუროს გაფუჭებულია და 9 ოქტომბერს პირველად მოემსახურა მოსწავლეებს აღნიშნული მიკროავტობუსით. თუმცა, „სამართლიანი არჩვენების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აქვს 6 ოქტომბრის ფოტომასალაც, სადაც ასახულია, რომ სკოლას იგივე მიკროავტობუსი ემსახურებოდა. სკოლის დირექტორი, ლალი სიჭინავა, შვებულებაშია. ის „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატია. სკოლის დირექტრის მოადგილე მაყვალა ყეჭუაშვილმა კი „სამართლიანი არჩვენების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან გასაუბრება არ ისურვა“.