ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს და თავიანთი არჩევანი უკვე გააკეთეს საარჩევნო უბანზე.
საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი მიხეილ გოგოტიშვილი: “ხმა დვაბზუს 60/25 საარჩევნო უბანზე მივეცი. გამარჯვებისთვის ვართ მზად. როგორც ჩვენი პარტიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ნორმალურად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები. ვნახოთ, ყველაფერი გამოჩნდება რამდენიმე საათში“.
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” მერობის კანდიდატი, დავით მამალაძე: “60/07 საარჩევნო უბანში დავაფიქსირე ჩემი არჩევანი და ხმა მივეცი ნათელ მომავალს, რადგან პირნათელი ვიყო ჩემი მომავალი თაობების წინაშე“.
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თორნიკე გოგუაძე სოფელ ძიმითში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მივიდა და იქ გააკეთა თავისი არჩევანი. “მე გავაკეთე სამართლიანი არჩევანი“, _ გვითხრა თორნიკე გოგუაძემ.
საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოს” მერობის კანდიდატმა კობა ჯორბენაძემ საკუთარი პოზიცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დააფიქსირა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ საკუთარი არჩევანი თბილისში გააკეთა. ის ქალაქ თბილისში, მცხეთის ქუჩაზეა რეგისტრირებული.
დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ქალაქ ოზურგეთში 60/06 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა თავისი არჩევანი, ხმის მისაცემად ის ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.