ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, თუ როდის იქნება მზად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიული გეგმა, თუმცა, ამის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ უკვე გატარებული ღონისძიებები და სამომავლო, 2018 წლის სტრატეგია გააცნო.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული ხედვა სამ ძირითადად მიმართულებებს მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია და ინფორმირებულობის გაზრდა; სრულმასშტაბიანი მონიტორინგი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე; მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.
„ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული ხედვა 2017 წლის გამოცდილებას ემყარება და კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. სახელმწიფოს ჩართულობა იქნება აქტიური, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის პოპულაცია და მისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის ოდენობა. აზიური ფაროსანა, რომელიც არაერთი ქვეყნის პრობლემაა, გამოწვევაა საქართველოსთვისაც და შესაბამისად, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“, _ განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ აზიური ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი თუ როდის დასრულდება და გასაჯაროვდება გეგმა.