წლის ბოლოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე წლის მთავარი დოკუმენტი _ ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს, მაგრამ მანამდე პროექტი უნდა გააცნონ დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას და საზოგადოებას.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ხინთიბიძე ამბობს, რომ საბიუჯეტო პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ბიუჯეტის პროექტის მომზადება (გამგეობის/მერიის საფინანსო ორგანოს მიერ); ბიუჯეტის პროექტის წარდგენა (საკრებულოში); ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შემდეგ დამტკიცება (საკრებულოს მიერ); ბიუჯეტის დაზუსტება; ბიუჯეტის შესრულება და ბოლოს სრულდება ბიუჯეტის ანგარიშგებითა და კონტროლით.
“ზემოაღნიშნულ თითოეულ ეტაპს გააჩნია კანონით განსაზღვრული გახორციელებისა და დასრულების ვადები, რომლებზეც პასუხისმგებლობა გააჩნია შესაბამის საბიუჯეტო ორგანოებს თავიანთი ვალდებულებების შესაბამისად.
როგორც წესი, საბიუჯეტო პროცესი იწყება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენით და იგი სტარტს იღებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის წინა წლის 1 მარტიდან, როდესაც, მუნიციპალიტეტის მერი (ეს წოდება შეიძინა ყველა თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანომ უკვე ახალი საკანომდებლო ცვლილების მიხედვით) გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც განსაზღვრულია პრიორიტეტების შედგენისათვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები.
საერთოდ კი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი გახლავთ ის ჩარჩო დოკუმენტი, რომლის ბაზაზეც უნდა მოხდეს ბიუჯეტის პროექტის (სხვათაშორის, პროგრამული ბიუჯეტის გათვალისწინებით) ფორმირება და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა.
ამის შემდგომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე აცნობებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს. ამ მონაცემების მიღების შედეგად კი თვითმმართველობის საფინანსო ორგანო გაიანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და იწყებს შესაბამის პროცედურებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად. ამ თვალსაზრისით კი თვითმმართველობის საფინანსო ორგანო საბიუჯეტო ორგანიზაციებს (ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები) უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს შესავსებად, სადაც მითითებული უნდა იყოს ასიგნებებისა (ხარჯების) და მასში მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობები პროგრამულ ნაწილთან ერთად”, _ თქვა ლევან ხინთიბიძემ.
მისივე თქმით, თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით შესაბამისი ბიუჯეტისათვის გადასაცემი ფინანსური დახმარებისა და გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს.
ზემოაღნიშნული ინფორმაციების მოგროვებისა და დამუშავების შედეგად თვითმმართველობის საფინანსო ორგანო აყალიბებს ბიუჯეტის პროექტს და თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შექმნილია არაორდინალური სიტუაცია, რადგანაც, მოგეხსენებათ, ამჟამინდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შექმნილია ორი ძველი თვითმმართველობის გაუქმებისა და შემდგომ მათი შეერთების შედეგად (იგულისხმება ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის თვითმმართველობები). ამიტომ აქ იბადება ლოგიკური კითხვა: რომელი თვითმმართველობის საფინანსო ორგანომ უნდა წარმოადგინოს მომდევნო წლის ადგილობრივი ბიუჯეტი – ქალაქ ოზურგეთისა თუ ოზურგეთის თემის? აქ, ბუნებრივია, თავისი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და აწ უკვე გაუქმებულმა და ჯერ კიდევ მოქმედმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საფინანსო ორგანოებმა (როგორც ქალაქ ოზურგეთის, ისე ოზურგეთის თემის) უნდა იმოქმედონ აღნიშნულ სამინისტროდან მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად, რადგანაც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებას უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ლევან ხინთიბიძემ.
გია მამაკაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 2018 ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაწყებულია.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაწყებული გვაქვს“, _ გვითხრა გია მამაკაიშვილმა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, მარიკა ნაცვალაძის თქმით, საბიუჯეტო კოდექსის მუხლი 76 და მუხლი 77 შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის 2018 წლის პროექტზე მუშაობა დაწყებულია, მიღებულია ფინანსთა სამინისტროდან საპროგნოზო პარამეტრებიც, შესაბამისად, 2017 წლის 15 ნოემბერს პრიორიტეტის დოკუმენტი წარდგენილი იქნება საკრებულოში.