“კოკო, გილოცავ! ყველა გამიგებს, რომ ძალიან გამიხარდა შენი გამარჯვება,” _ ასე მიულოცა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ არჩევნებში გამარჯვება დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან (კოკო) მგელაძეს, რომელმაც ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ უბნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო გოგუაძის მამა, მამუკა გოგუაძე დაამარცხა.
კვაჭანტირაძის ამ პოსტმა ოზურგეთელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია _ ნაწილმა აღნიშნა, რომ ამ ღია გზავნილით კვაჭანტირაძე “ქართულ ოცნებას” და მის კოლეგას დაუპირისპირდა; ნაწილმა კი ეს მეგობრულ პოსტად მიიღო.
დეტალების გასარკვევად “გურია ნიუსი” ზვიად კვაჭანტირაძეს დაუკავშირდა:
_ კოკო ჩემი კლასელი და უახლოესი მეგობარია და როგორ არ მიმელოცა?! _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კვაჭანტირაძემ.
_ ბატონო ზვიად, საჯარო მილოცვამ, იმ ფონზე, რომ მგელაძემ “ქართული ოცნების” კანდიდატი და თქვენი კოლეგის მამა დამარცხდა კითხვები გააჩინა…
_ ამიტომ დავწერე _ ვინც ვერ გამიგებს რა ვქნა?! სიმართლე გითხრათ, არ მახსოვდა, რომ მამუკა ჩემი კოლეგის მამა იყო. თუმცა, მაინც მივულოცავდი. მამუკას მთელი სულით ვუსურვებდი გამარჯვებას, მაგრამ მერჩივნა, რომ ესენი ერთმანეთის კონკურენტები არ ყოფილიყვნენ.
_ თქვენ მგელაძის მხარეს იყავით?
_ არავის მხარეს არ ვყოფილვარ _ გამიხარდა კოკოს გამარჯვება, რადგან ძალიან პოზიტიური და კარგი პიროვნებაა, ჩემი ბაშვობის მეგობარია. მე მამუკას და მის ოჯახს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არაფერი არ დაშავდება, იმით რომ გულწრფელად მივულოცე გამარჯვება ჩემს მეგობარს. აგერ, ელისაშვილმა მიულოცა კალაძეს და ჩემი მილოცვა ვინმეს რატომ უნდა გაუკვირდეს?! _ თქვა ჩვენთან საუბრისას კვაჭანტირაძემ.