ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის გადადებული მატჩი 24 ოქტომბერს, ჩოხატაურში, ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ბათუმის „დინამოსთან“ გამართა.
ჩოხატაურში, ,,ბორის პაიჭაძეზე” შეკრებილმა პუბლიკამ საკმაოდ სანახაობრივი და გახსნილი თამაში იხილა. მატჩის დასაწყისი თანაბარი გამოდგა, მაგრამ მალევე წოწერიას შეექმნა ორი საგოლე მომენტი, ჯერ ფეხით ვერ გაისწორა მიზანი, ხოლო შემდეგ თავურით მცირედი დააკლდა გოლამდე. ამის შემდეგ კი საგრძნობ უპირატესობას ლანჩხუთელები დაეუფლნენ. არ გაუმართლა ჩხარტიშვილს, რომლის დარტყმულიც ხარიხამ აისხლიტა. მალევე, მე-19 წუთზე, ბათუმელები მოედნის ცენტრთან საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდნენ, ბურთთან ალელიშვილი მივიდა, რომელმაც შორეული დარტყმა გოლად აქცია.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, ბათუმის დინამომ თამაშის სტილი არ შეცვალა, ისევ შეტევაზე ცდილობდა გადასვლას, თუმცა, ლანჩხუთელთა დაცვა საიმედოდ თამაშობდა და სტუმრებს მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევდა.
ორმხრივ იერიშებში ბათუმელთა დაცვა 31-ე წუთზე „ჩავარდა“: გოგეშვილის ჩაწოდებული ბურთის შემდეგ წოწერია მცველებს დაუსხლტა, ახლოდან ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო და შედეგად 2:0 გახდა.
თამაში იგივე ტემპში გაგრძელდა, 41-ე წუთზე ისევ გოგეშვილის ჩაწოდებული ბურთის მოგერიებას ცდილობდა ბათუმელთა მცველი ანთაძე, თუმცა, ეფექტური თავურით საკუთარი კარი აიღო და ანგარიშში სხვაობა სამბურთიანი გახდა.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეეცადნენ „დინამოელები“ უპირატესობის მოპოვებას, ხშირად უახლოვდებოდნენ მასპინძლების საჯარიმო მოედანს, რამდენჯერმე ჩააწოდეს კუთხური.
გულხელდაკრეფილები არც ლანჩხუთელი გოგონები იყვნენ, რამდენჯერმე გაამწვავეს შეტევა ალელიშვილმა და წოწერიამ, რომელსაც მიზნამდე ორჯერ სულ ცოტა დააკლდა. 66-ე წუთზე ლანჩხუთელთა ჩოხატაურელ მეკარე გაბუნიას საკუთარი ოსტატობის ჩვენება დასჭირდა, როდესაც ბათუმელთა შეტევისას სტუმარმა მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მატჩი თვალსასეირო სანახავი იყო, ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა, ქების ღირსია ბათუმის დინამო, რომელიც ანგარიშში სოლიდური ჩამორჩენის მიუხედავად, მაინც შეტევის ორგანიზებაზე ფიქრობდა.
და მაინც, ბოლო აკორდი ლანჩხუთელების გამოდგა: მორიგი შეტევისას კარში დარტყმული ბურთი მეკარემ ხელებში ვერ შეიმაგრა, იქვე ჩასაფრებულმა წოწერიამ კი დუბლი გაიფორმა 4:0.
მომდევნო მატჩს „ლანჩხუთი“ 28 ოქტომბერს გამართავს და თბილისის „ნორჩ დინამოელს“ უმასპინძლებს.