უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს შეუერთდა და კარავში დასახლდა.
ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, კი კარავთან რომელშიც სააკაშვილი განთავსდა, დაცვა დგას, რომელიც სააკაშვილთან არავის უშვებს.
მათივე ცნობით, კარავში სამუშაო თათბირები იმართება.
შეგახსენებთ, რომ კიევში, უმაღლესი რადას წინ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას მოითხოვენ.
შენობის წინ მომიტინგეებმა 60 კარავი გაშალეს. აქციის ფარგლებში რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც 11 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც ადმინისტრაციული ოქმების შედგენის შემდეგ გათავისუფლდნენ.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით კი აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ არ მოხდება მოთხოვნების შესრულება.
„თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ხალხი არ დაიშლება, რადგან ხალხი მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოსული. ისინი აქ გამოსაზამთრებლადაც კი არიან მზად. ხალხს არ სურს დანიშნოს რაღაც ფირმა, რომელიც დაიკავებს სამთავრობო ადგილებს და დაიწყებს ბიუჯეტის ხარჯვას. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვთხოვთ, რომ ხელისუფლებამ სამი მოთხოვნა შეასრულოს, რომელსაც თვითონ დაგვპირდნენ,“-აცხადებენ ისინი.