საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელიც, დიდი ალბათობით, არსებული შემადგენლობით უკანასკნელად შეიკრიბა.
ხმაური და მწვავე დებატები კი სხდომაზე გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ომარ ჯანაძის მიერ გამოტანილ საკითხს მოჰყვა, რომლითაც ის ითხოვდა საკრებულოსგან თანხმობას სოფელ შუხუთის ცენტრში მდებარე შენობა-ნაგებობის აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.
როგორც გაირკვა, ქონებაზე პრეტენზიას, რომელიც გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის, შოთა ჩაგუნავას განმარტებით, მუნიციპალიტეტს სახელმწიფოსგან გადმოეცა დამატებითი ქონების სახით, შუხუთის მოსახლეობის სახელით სოფლის მკვიდრი პავლე ორაგველიძე და “მის უკან მდგომი” პირები აცხადებენ.
მოხსენებით ბარათში, რომელსაც ხელს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ცინცაძე აწერს და ადრესატი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძეა, ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მომართა შპს „ტოდინის“ წარმომადგენელმა, რომელიც სოფელ შუხუთში მდებარე უძრავი ქონების იჯარით გადაცემას ითხოვს. ბარათში ნათქვამია, რომ ამავე ქონების იჯარით აღებას ითხოვს, ასევე, შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები პავლე ორაგველიძეც.
გარდა გამგეობისა, თავად პავლე ორაგველიძის წერილი საკრებულოშიც შევიდა, სადაც ის დეტალურად აღწერს თუ რატომ აქვს მას და მის კომპანიონებს პრეტენზია ამ შენობა-ნაგებობაზე.
„აღნიშნული შენობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სულიად განადგურდა და დაინგრა. შენობა და ეზო იურიდიულად მიეკუთვნა შუხუთის კოლმეურნეობის წევრებს. 2008 წლისთვის ეს ტერიტორია ნაგვის, სიბინძურის და დაავადებების ბუდედ იყო ქცეული. სოფლის მოსახლეობა ითხოვდა ამ შენობის დემონტაჟს და მის ადგილას საფეხბურთო მოედნის გაკეთებას. გამომდინარე იქედან, რომ შენობა პირდაპირ ცენტრალური გზის გასწვრივაა და სპორტული მოედნის სტანდარტებში ვერ ეტეოდა, 2008 წლის ივნისში ჩვენ სოფლის გამგეობის მეშვეობით მივმართეთ მეპაიეებს, რომ გადმოეცათ ჩვენთვის შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული ტერიტორია, სადაც ვაპირებდით სოლიდური ინვესტიციის გახორციელებას. შედგა კრება და მივიღეთ თანხმობა. გარკვეული დროის განმავლობაში, გავახორციელეთ რა სოლიდური ინვესტიცია, შენობა და მასზე მიმაგრებული ტერიტორია მივიყვანეთ არსებულ კონდიციამდე, ხოლო სოფლის სკოლის ტერიტორიაზე ავაშენეთ სტანდარტული სპორტული მოედანი.
სოფლის კრების გადაწყვეტილებით, შენობის აღდგენის შემდეგ აქ უნდა გახსნილიყო მრავალპროფილიანი ფერმერთა სახლი, თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომმა ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენი ფინანსური მდგომარეობა სერიოზულად დააზარალა და ფერმერთა სახლის გახსნა გარკვეული ვადით გადაიდო. თუმცა, შენობის მოვლა-პატრონობას მუდმივად ვეწეოდით, შენობა და მასზე მიმაგებული ტერიტორია საკუთრებაში დარჩა სოფელს. აქ მუდივად ტარდებოდა სხვადასხვა ოფიციალური თუ სასაოფლო ღონისძიებები“, _ ნათქვამია ორაგველიძის წერილში, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2011 წელს დავალიანების გამო, ეკონომიკის სამინისტრომ შენობა-ნაგებობა საკუთარ ბალანსზე აიყვანა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გადასცა, როგორც ძირითადი ქონება.
ორაგველიძის თქმით, აგვისტოში მან და მისმა კომპანიონებმა განცხადებით მიმართეს გამგეობას და ითხოვდნენ ზემონახსენები შენობის იჯარით აღებას 15-წლიანი ვადით, თუმცა, გამგეობას ორი თვის განმავლობაში მათი ეს განცხადება არც განუხილავს.
მისივე მტკიცებით, „ტოდინიმ“, რომელიც ავტობანის ლანჩხუთის მონაკვეთს აშენებს, შუხუთში ბინა მისი დაჟინებული თხოვნით დაიდო და ისინი, თუ სიტუაცია ვერ დალაგდება, სათაო ოფისის ფოთში გადატანას გეგმავს.
„ჩვენ შპს „GL“-მა, რომელიც ამჟამად განთავსებულია ზემონახსენებ შენობაში, შემოვიყვანეთ ეს იტალიური ფირმა შუხუთში. გვინდოდა, სოფელში ადამიანებს სამუშაო ადგილი გასჩენოდათ და გამოცოცხლებულიყო სოფლის და რაიონის ეკონომიკა. „GL“-შიც დასაქმებულია ჩვენი რაიონის მოსახლეობა, საქმიანობის გააქტიურების შემდეგ კიდევ რამდენიმე ათეულია ადამიანი დასაქმდება.
„GL“ და „ტოდინი“ დაკავშირებულები ართ საკონტრაქტო ურთიერთობებით, სიტუაციის ვერდალაგების შემთხვევაში, ორივე კომპანიის საქმიანობა გადავა სხვა რაიონში, რითაც ბიუჯეტი დაკარგავს სოლიდურ შემოსავლებს. თანახმა ვიყავი, შენობაში, რომელიც თავად გავაკეთეთ და ვეპატრონეთ, ფული გადაგვეხადა, გამგეობას ვთხოვე, იჯარით გადმოეცა ჩვენთვის, თუმცა, ორი თვის მანძილზე ჩვენს განცხადებას არავინ მიაქცია ყურადღება“, _ ამბობს ორაგველიძე, რომელიც შენობის იჯარით გადაცემას ითხოვს.
ორაგველიძის პოზიციას საკრებულოს წევრთა ნაწილიც იზიარებს და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ ზემონახსენები შენობა აუქციონის გარეშე უნდა გადაეცეს „GL“-ს. თუმცა, თავად ჯანაძესა და დეპუტატთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ვინაიდან იჯარის თაობაზე ორი განცხადებაა შესული გამგეობაში, ამიტომ დგას დღის წესრიგში აუქციონის გამართვის აუცილებლობა. სწორედ ამ აუქციონის გამართვა-არგამართვის თაობაზე ცხარობდნენ საკრებულოს წევრები, საბოლოოდ კი უმრავლესობამ თავისი გაიტანა და კენჭისყრის შედეგად აუქციონის გამართვა გარდაუვალი გახდა.
თუმცა, კითხვაზე _ რატომ არ განიხილა გამგეობამ ორაგველიძის 15 აგვისტოს შემოსული განცხადება და რატომ მოახდინა სწრაფი რეაგირება მოგვიანებით „ტოდინის“ დაწერილ განაცხადზე? _ კონკრეტული პასუხი არავის გაუცია. თავად ორაგველიძე ამბობს, რომ გამგეობაში გარკვეულმა პირებმა დაიბარეს იტალიური ფირმის წარმომადგენელი და აიძულეს იჯარის თაობაზე განცხადება დაეწერა. თუმცა, ვინ დაიბარა ამაზე ორაგველიძე ამ ეტაპზე არ საუბრობს. ამბობს რომ ყველაფერს სასამართლოში იტყვის.
ჯერჯერობით, უცნობია „ტოდინი“ რა გზას აირჩევს _ დატოვებს ლანჩხუთს, როგორც ამას ორაგველიძე ამბობს, თუ აუქციონში მიიღებს მონაწილეობას. ორაგველიძის მხარე კი თვლის რომ ეს ქონება სოფლის საკუთრებაა და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად, რომლის მიხედვითაც, შუხუთის ცენტრში არსებული შენობა-ნაგებობა მუნიციპალიტეტს გადაეცა საკუთრებაში.