“სასამართლო არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელსაც განსაკუთრებული პატივი უნდა ვცეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც გამოიტანა შესაბამისმა სასამართლომ. ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ეს აისახება არჩევნების შედეგებზე,“ _ ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თიანეთის საარჩევნო ოლქში განვითარებულ პროცესებს.
კობახიძის თქმით სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება მისი პრეროგატივა არ არის.
პარლამენტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურსა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის გამართულ პოლემიკაზე და დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი:
“რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ იყო. ემოციურ ფონზე იყო გარკვეული განცხადებები გაკეთებული. მე, სამწუხაროდ, არ ვიყავი ჩართული 2012 წელს შესაბამის პროცესებში ჩართული და გამიჭირდება ამაზე კომენტარი. შემიძლია თავი დავდო იმაზე, რაც ხდებოდა სიის ფორმირებისას. “ქართულმა ოცნებამ” სია ჩამოაყალიბა ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და ამის პოზიტიურ შედეგებს ჩვენ ყველა ვხედავთ”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიეცმულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში თამაზ მეჭიაურს ლოთი და კორუმპირებული უწოდა და აღნიშნა, რომ ის ნათესაობის გამო დაასაქმა.
თავის მხრივ, ნათესაობის გამო დასაქმებაზე გააკეთა აქცენტი მეჭიაურმა და აღნიშნა, რომ ქუცნაშვილმა პარლამენტარობის დროს დიდი ქონება დააგროვა.