პარტია ,,ევროპული საქართველოს” ლანჩხუთის ადგილობრივ ორგანიზაციაში ბრიფინგი გამართეს, სადაც 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მიერ მიღებული შედეგი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი მარშანიშვილის შეფასებით, რიგ სოფლებში „ევროპულ საქართველოს“ ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატები ჰყავდა, თუმცა, თვლის, რომ მათი დამარცხება მმართველმა გუნდმა ძლიერი რესურსის გამოყენებით შეძლო.
„ის შედეგი, რაც არჩევნებზე ვაჩვენეთ, ჩვენთვის საკმარისი არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარტია ახალშექმნილია. რამდენიმე სოფელში საკმაოდ ძლიერი კანდიდატები გვყავდა და მოგების რეალური შანსებიც გვქონდა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა საკუთარი მიზნის მისაღწევად.
თუნდაც, ჩოჩხათის მაგალითი ავიღოთ, სადაც ჩვენი კანდიდატი, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნება ლევან ტიკარაძე იყო. „ოცნებამ“ დიდი რესურსის გამოყენებით, შეძლო აქ გამარჯვების მიღწევა. მათ ერთ სოფელში, დაახლოებით, 40 კოორდინატორი დაამატეს. რეალურად კი ეს იყო კოორდინატორის სტატუსს ამოფარებული მოსყიდული ხალხი. ასე მოხდა ნინოშვილში, სუფსაში, აკეთში“, _ აღნიშნა მარშანიშვილმა.
ლანჩხუთის მერობის კანდიდატმა, ამირან გიგინეიშვილმა ბრიფინგზე „დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, ნონა მურვანიძის მიერ გამოთქმული ეჭვის, რომ მისთვის გასაკვირია ახლადშექმნილი პარტიის შედეგი ხელისუფლების პოლიტიკური ნების გარეშე, საპასუხოდაც გააკეთა განცხადება.
„ამ მცირე პერიოდის მანძილზე ჩვენ ძალიან მაგარი გუნდის შექმნა შევძელით. ამის თქმის საბაბს მაძლევს ის შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნებზე. მართალია, ზოგ პოლიტიკურ ორგანიზაციას გაუკვირდა და საკუთარი ვარაუდებიც გამოთქვა ამასთან დაკავშირებით, თუმცა, მე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვიჭირა მხარი.
როცა აყენებ კანდიდატურას ჯურუყვეთის თემში და არ მართავ მოსახლეობასთან შეხვედრებს, არ გყავს მხარდამჭერები და დამოუკიდებელ კანდიდატს, დათო დობორჯგინიძეს, რომელიც „ოცნებამ“ თავის დროზე გაწირა, ართმევ 27 ხმას და ეს ადამიანი აგებს 10 ხმით არჩევნებს, აქ ორი ვარიანტია _ ან არ იცი პოლიტიკა და თვლი, რომ მიიღებ ხმებს ისე, რომ მოსახლეობაში არ ივლი, რასაც გამოვრიცხავ, ან იცი რასაც აკეთებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ჯიბიდან მანდატს იღებ და აძლევ მეორეს. ამის შემდეგ კი იმაზე საუბარი, მითუმეტეს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რომ ჩვენ შეკრულები ვართ ,,ქართულ ოცნებასთან” უხერხულია“, _ აღნიშნა გიგინეიშვილმა.
პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ „ევროპული საქართველო“ სამომავლოდ ლანჩხუთში პარტიის გაძლიერებასა და მუშაობის აქტიურ რეჟიმში გაგრძელებას გეგმავს.
„ბევრმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი და ჩვენს ფუნქციად რჩება ხალხის ხმის მიტანა ადგილობრივ ხელისუფლებამდე. აქედან გამომდინარე, პარტიის ოფისი აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ნებისმიერ დროს შეეძლებათ მოქალაქეებს მოვიდნენ ჩვენთან. ჩვენ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება ლობიზმისა და ადვოკატირების მიმართულებით. ზუსტად ამ პროცესის განხორციელებას ვაპირებთ საკრებულოშიც. ვაპირებთ, ასევე, ნებისმიერი სახის ელექტრონული წერილი მივიღოთ ადგილობრივი მოსახლეობისაგან, სოციალური ქსელით იქნება თუ სხვა მიმართულებით.
ჩვენ ვაპირებთ, რომ გუნდი გავაძლიეროთ, ისე, რომ სუსტი წერტილები არ გვქონდეს. სტრუქტურა გავმართოთ არა მარტო ლანჩხუთში, არამედ სოფლებშიც. გვინდა მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩავრთოთ იმაში, რომ ერთად მივიტანოთ ხელისუფლებამდე ის პრობლემები, რაც მუნიციპალიტეტში არსებობს“, _ აღნიშნეს „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის მესვეურებმა.