როდესაც 1980 წელს ეკრანზე ,,ძმები ბლუზები” გამოვიდა ის მაშინვე ჰიტად იქცა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მთავარი გმირების, ჯონ ბელუშისა და დენ ეიკროიდის, ჩაცმულობა _ შავი ფერის შარვალ-კოსტუმი, ქუდი, ჰალსტუხი და რაც მთავარია, მზის სათვალე Ray Ban. თუმცა, პოპულარობის მიუხედავად, მაშინ მხოლოდ 18 ათასი ცალი სათვალე გაიყიდა. მაგრამ ორი წლის შემდეგ ფილმის _ ,,სარისკო ბიზნესის” გამოსვლის შემდეგ, მაყურებელს, განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლებს, ორი რამ დაამახსოვრდა _ საცლების ამარა ტომ კრუზის ცეკვა და მისი Ray Ban. ფილმიც, კრუზიც და სათვალეც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა და გაყიდვებმა მაშინ სენსაციურ შედეგს მიაღწია: მომხმარებელმა 360 ათასი სათვალე შეიძინა. ასეთივე წარმატება ხვდა ტომ კრუზს და Ray Ban-ს ფილმში Top Gun, სადაც ის სამხედრო მფრინავს ასახიერებდა. სათვალის პოპულარობა კიდევ უფრო განამტკიცა ქვენტინ ტარანტინოს ,,ცოფიანმა ძაღლებმა”, სადაც ფილმის დასაწყისში ძმები ბლუზების მსგავს კოსტუმებსა და Ray Ban-ის სათვალეებში გამოწყობილი ბანდის წევრები საქმეზე მიდიან.
80-იან წლებში აღზევებული Ray Ban-ის ეს პოპულარობა მომხმარებელთა ახალი თაობებისთვის დავიწყებული დიდების შეხსენება იყო, რადგან ეს სათვალეები ამ ფილმების გამოჩენამდე თითქმის 50 წლით ადრე უკვე ცნობილი ბრენდი იყო. მისი ისტორია 1936 წელს დაიწყო, როცა საჰაერო ბუშტით სატესტო ფრენიდან დაბრუნებული ლეიტენანტი ჯონ მაქრედი ჩიოდა რომ მცხუნვარე მზემ ლამის დააბრმავა და თვალები დაუზიანა. ის დაუკავშირდა ფირმა Bausch & Lomb და სთხოვა მათ დაემზადებინათ სათვალე, რომელიც თვალებს მზის სხივებისაგან დაიცავდა და ამასთან ერთად ის მიმზიდველიც უნდა ყოფილიყო. მომდევნო წლის 7 მაისს ფირმამ ოფიციალური პატენტი აიღო პილოტებისთვის განკუთვნილ სათვალეზე, რომელსაც Anti-GlareA უწოდეს. ეს იყო უმაღლესი ხარისხის მწვანე ფერის ამრეკლი ლინზებით აღჭურვილი ელეგანტური სათვალე, რომელსაც შეეძლო თვალების დაცვა ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებისაგან და ამავე დროს უზრუნველყოფდა მკაფიო მხედველობას. რამდენიმე თვის შემდეგ მას სახელი შეუცვალეს და ასე მოევლინა ქვეყანას სახელგანთქმული ბრენდი Ray Ban; მისი სახელწოდება ეს სიტყვების ერთგვარი თამაში იყო და ნიშნავდა ,,სხივებისაგან დაცვას”. სხვანაირად მას ,,ავიატორის სათვალესაც” ეძახდნენ.
სათვალემ განსაკუთრებული პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის დროს მოიხვეჭა, მას შემდეგ, რაც ჟურნალ Life-ის გარეკანზე დაიბეჭდა ფილიპინებში მყოფი გენერალ დაგლას მაკარტურის ფოტო Ray Ban-ის სათვალეთი.
სულ მალე, როცა Bausch & Lomb-მა სათვალის მეტალის ჩარჩო პლასტმასით ჩაანაცვლა, სამხედროებისათვის პრაგმატული მიზნებისთვის შექმნილი Ray Ban საყოველთაო კუთვნილებად იქცა; მას Ray-Ban Wayfarer უწოდეს და ის ფირმის სხვა ბრენდებს შორის ყველაზე უფრო პოპულარული და გაყიდვადი გახდა. საინტერესოა, რომ სათვალე თავიდან მხოლოდ მამაკაცებისთვის მოიაზრებოდა, თუმცა მალევე ქალბატონების საყვარელ ნივთად იქცა, რადგან ის ყველანაირი მოყვანილობის სახეს უხდებოდა. განსაკუთრებით კი პოპულარული გახდა 1961 წელს გადაღებული ფილმის ,,საუზმე ტიფანისთან” წყალობით, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი ოდრი ჰეფბერნი Ray Ban-ის სათვალეს სახიდან არ იცილებდა.
აქედან მოყოლებული ლამის ყოველი ამერიკელი მოქალაქე _ იქნებოდა ეს უბრალო კლერკი თუ ცნობილი ადამიანი _ ბობ დილანი, მერილინ მონრო, ჯეიმს დინი, ენდი უორჰოლი, ჯონ ლენონი, როი ორბისონი თუ პრეზიდენტი ჯონ კენედი Ray-Ban Wayfarer-ს ატარებდა. მათ კი ბაძავდა თინეიჯერთა უზარმაზარი არმია, რომელთაც სურდათ, ყოფილიყვნენ ისეთივე ,,მაგრები”, როგორც მათი კერპები.
1999 წელს Bausch & Lomb-მა Ray-Ban იტალიურ ფირმა Luxicotta Group-ს მიჰყიდა. სხვადასხვა მონაცემებით იტალიელებმა 660 მილიონიდან 1.2 მილიარდამდე ევრო გადაიხადეს. გაყიდვის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, გასული საუკუნის 90-იან წლებში სათვალის პოპულარობის დაცემა განაპირობა. მაგრამ 2001 წელს Ray Ban-ს რედიზაინი ჩაუტარდა და სახმარად ის უფრო ადვილი გახდა, პირველ რიგში, ადამიანებს შეეძლოთ სათვალის თავზე დამაგრება, რაც წინა დიზაინის გამო ეს შეუძლებელი იყო.
დღეს, ისევე როგორც რამდენიმე ათეული წლის წინათ, სარეკლამო განცხადებას რომ დავესესხო, Ray Ban-ის სათვალე ისევ ,,გაცისკროვნებული კლასიკა და ინდივიდუალობაა; მას ისევ შეუძლია საკუთარი სტილის დემონსტრირება, რომელიც არასოდეს მოგცემს საშუალებას რათა ბრბოს შეერიო. Ray Ban ეს ცხოვრების ფილოსოფია და სტილია, მის ჩამუქებული შუშის ქვეშ თვალები არ ჩანს, სამაგიეროდ ყველა ხედავს დამაჯერებელ და ოპტიმისტურ ღიმილს, რომლის მიზეზი Ray Ban-ის მარადიული სათვალეა“.