დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირის გარდაცვალების შემთხვევაში თანხას მემკვიდრე აიღებს. ამის შესახებ ცნობილი დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს. კერძოდ, პირი თანხის გატანას შეძლებს შემდეგ შემთხვევებში: თუ შრომის უნარს დაკარგავს, ასევე, საქართველოს მოქალაქეობაზე იტყვის უარს.
საპენსიო რეფორმა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.
საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.