სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, ისეთმა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიიღონ, რომელთაც სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებენ.
შესაბამისი ცვლილება – “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შედის, რომლის ავტორები გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე არიან.
ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში და თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტი, ან პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში გია ჟორჟოლიანი “ქართული ოცნების” პროპორციული სიით მოხვდა, ხოლო სიმონ ნოზაძე “მრეწველების” რიგებიდან, თუმცა, აღნიშნულმა დეპუტატებმა ფრაქციების ფორმირება შეძლეს.