XIX საუკუნის მეორე ნახევრის გურული ყოფა, გურული გლეხის ცხოვრება, გურული ფირალების მებრძოლი სახეები ეგნატე ნინოშილმა პირველმა ასახა, გურული კოლორიტი პირველმა შემოიტანა და რომ არა ნინოშვილი, ამ თვალსაზრისით ქართულ ლიტერატურაში ცარიელი ადგილი, თეთრი ლაქა იარსებებდა. ერთი გურული გლეხი ამბობდა: ,,…იმ ნიგოროყვას გამოთქმული წიგნები რომ წევიკითხე, კაკალ გულზე გადამნარა; რავა ბეჭედივით წერს იგი დალოცვილის შვილი სოფლის კაცის ცხოვრებას და გაჭირვებას, ასე მგონია, საცხედან ჩემი ამბავი გოუგია და იგი დუუწერია მეთქინ”. როცა გალაკტიონ ტაბიძე მიმოიხილავდა ნინოშვილის მოთხრობას ,,ქრისტინეს” ის აღნიშნავდა, რომ ,,მწერალი აძლევს ამ ქალს სიცოცხლეს, რომლის მსგავსი არც მანამდე არც შემდეგ ქართულ მწერლობაში არ შეგვხვედრია”.
მწერალი და პუბლიცისტი ნიკოლო მიწიშვილი წერდა: ,,საკუთარ სოფელშია ნინოშვილი დაკრძალული. მაგრამ ეგნატე ნინოშვილის მოწამებრივი ცხოვრება მოცემულია ნაღველით სავსე მისსავე სიტყვებში, როცა ის უსაყვედურებს იმ ,,ნაციას”, რომელსაც თავის საუკეთესო მწერლისათვის ,,არ ემეტება შვიდკაპიკიანი ,,პორცია”.
ჭლექმა, შიმშილზე გამრავლებულმა და სიკვდილად მის ფილტვებში ჩასრესილმა, უდღეოდ გააცივა ეს ათრთოლებული სიმი და ის იმგვარადვე გადასრისა ქართულმა ცხოვრებამ, როგორც მის მიერ დატირებული გოგია უიშვილი. ჭეშმარიტად, ეგნატეს საფლავზე უნდა გაშლილიყო ,,უცხო ყვავილი” ახალი ცხოვრებისა, რომ მის ქვეყანას ოდნავ მაინც გამოსეყიდნა ეგნატეს ადამიანური წვალება და მისი უდროოო სიკვდილი, რომელიც მკვლელობას უფრო ჰგავდა”.
მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, ნინოშვილი ცდილობდა სხვებისთვის დახმარების ხელის გაწოდებას. როგორც ამბობენ, ნოე ჟორდანიას პირველად ყურადღება მან მიაქცია. ის ცდილობდა რომ ნოეს უმაღლესი განათლება მიეღო და მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. ერთი მოგონების მიხედვით, ერთხელ რაჟდენ წუწუნავას (ის ალექსანდრე და ცეცილია წუწუნავების მამა გახლდათ) სავაჭრო დუქანში ეგნატე მისულა და რაჟდენისთვის თუმანი უთხოვია. ამ უკანასკნელმა ჰკითხა მითხარი რისთვის გინდაო. ერთ ახალგაზრდას, ჟორდანიას უნდა გავუგზავნოო. თუმანი მიირთვი ჩემო ეგნატე, – უთხრა რაჟდენმა, – მარა არც შენ გაწყენს ტანზე ან ფეხზე ჩაიცვაო.
ამონარიდი მომავალი წიგნიდან ,,ლანჩხუთი”. ავტორები ირაკლი მახარაძე, ნონა იმნაძე და ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის თანამშრომლები.