კანონის პროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მესამე მოსმენით წარმოადგინა დღეს პარლამენტის სესიაზე პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ.
“ეს ცვლილება ითვალისწინებს ვეტერინარიის რეგულირებად საქმიანობად დაწესებას. კანონით შემოდის ვეტერინარიის რეგულირებად საქმიანობათ განსაზღვრა და 5-წლიანი კურსი, რომელიც იქნება 300 კრედიტით. ეს ერთის მხრივ არის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება იმ ცოდნის უნარების და იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც გათვალისწინებულია ევროდირექტივებითა და ასევე, დღევანდელ დღეს არსებული პრობლემების მთელი რიგი მიმართულებებით უზრუნველყობას და მოგვარებას გულისხმობს”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა.
კანონპროექტი ადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ვეტერინარი ექიმის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ცნებებსა და ამ პროგრამების მარეგულირებელ ნორმებს.
ვეტერინარების მომზადება მთლიანობაში მოიცავს სწავლების არანაკლებ 5-წლიან სრულ თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს სასწავლო კრედიტების ექვივალენტური რაოდენობით უნივერსიტეტში ან იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს შესაბამისი დონის სასწავლო პროგრამას.
ვეტერინარის მომზადება უზრუნველყოფს მოცემული პირის მიერ შემდეგი ცოდნისა და უნარების დაუფლებას:
ა) ვეტერინარის საქმიანობასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის სათანადო ცოდნა;
ბ) სათანადო ცოდნა იმ მეცნიერებებში, რომლებსაც ეფუძნება ვეტერინარის საქმიანობა;
გ) ცხოველების ანატომიის, ფიზიოლოგიის, მათი ფუნქციების, ქცევის, აგრეთვე, ცხოველების მოშენების, კვების, რეპროდუქციის და საერთო ჰიგიენის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კომპეტენციები;
დ) ცხოველების დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისთვის აუცილებელი კლინიკური, ეპიდემიოლოგიური და ანალიტიკური უნარები და კომპეტენციები ანესთეზიის, ასეპტიკური ქირურგიის, უმტკივნეულო სიკვდილის უზრუნველყოფის ჩათვლით, ინდივიდუალურად თუ სახეობების მიხედვით. იმ დაავადებების განსაკუთრებული ცოდნა, რომლებიც გადამდებია ადამიანისთვის;
ე) პროფილაქტიკური მედიცინისთვის აუცილებელი სათანადო ცოდნა და უნარები, გამოკვლევებთან და კონტროლთან დაკავშირებული კომპეტენციების ჩათვლით;
ვ) ადამიანისთვის გამოსადეგი ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტების და ცხოველების საკვების წარმოებაში და დამზადებაში გამოყენებული ტექნოლოგიების და ჰიგიენის დაცვის სათანადო ცოდნა;
ზ) ცხოველების სამკურნალო ვეტერინარული პრეპარატების გონივრული გამოყენებისთვის, აგრეთვე, უსაფრთხო კვების ჯაჭვის და გარემოს დაცვის უზრუნველყოფისთვის საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები;
თ) სათანადო კლინიკური და სხვა პრაქტიკული გამოცდილება შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ.
ვეტერინარული მედიცინისსკოლის საკონკურსო გრანტების პროგრამა
ვეტერინარი ექიმის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სასწავლო გრანტის მიღების საკითხი, რომელსაც კანონპროექტის ავტორებიაშშ-ს მაგალითზე განიხილავენ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ აშშ-ს კანონის X კარის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების მინისტრი საკონკურსო გრანტებს ანიჭებს უფლებამოსილ ორგანიზაციებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისადმი მზაობის მომატების მიზნით, ვეტერინარული პერსონალის რაოდენობის გაზრდის ხარჯზე.
იმისათვის, რომ შესაბამის ორგანიზაციას მიენიჭოს გრანტის მიღების უფლებამოსილება, ის უნდა იყოს:
ა) საჯარო ან არაკომერციული ვეტერინარული მედიცინის სკოლა (ფაკულტეტი), რომელიც აკრედიტირებულია განათლების მინისტრის მიერ აღიარებული ეროვნული აკრედიტაციის სააგენტოს ან ასოციაციის მიერ;
ბ) საჯარო ან არაკომერციული დაწესებულება,
- რომელიც უძღვება რეზიდენტურის სატრენინგო პროგრამას იმ ვეტერინარებისთვის, რომელთა ვინაობაც დამტკიცებულია აშშ-ის ვეტერინარული მედიცინის ასოციაციის მიერ აღიარებული სპეციალიზებული ვეტერინარული ორგანიზაციის მიერ;
- რომელიც ვეტერინარებს სთავაზობს დიპლომისშემდგომ სწავლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობის სფეროში, როგორც ეს დადგენილია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების მინისტრის მიერ.
გრანტის მისაღებად, შესაბამისმა ორგანიზაციამ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების მინისტრს უნდა წარუდგინოს განცხადება თავად მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში გარკვეული წესების დაცვით. მიღებული განცხადების განსახილველად, მინისტრი ადგენს შესაბამის პროცედურებს მათი სათანადოდ განხილვის მიზნით. გრანტების გაცემა ხდება კონკურსის წესით შემდეგი პირობების დაცვით:
- განმცხადებელი ობიექტი უნდა ფლობდეს იმ ვეტერინართა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას, რომელებსაც განათლება და პროფესიული მომზადება მიღებული აქვთ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების მინისტრის მიერ განსაზღვრულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობის სპეციალიზებულ სფეროში;
- განმცხადებელს უნდა შეეძლოს გაზარდოს კვლევითი პოტენციალი დაავადებების გამომწვევებზე.
გრანტების გაცემისას ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების მინისტრი უპირატესობას ანიჭებს კანდიდატებს, როლებიც ავლენენ კომპლექსურ მიდგომას ვეტერინარული მედიცინის ერთზე მეტი სკოლის, შედარებითი მედიცინის დეპარტამენტის, ვეტერინარული მეცნიერების დეპარტამენტის, ჯანდაცვის სკოლის, მედიცინის სკოლის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასწავლო პროგრამების პროცესში ჩართვით. აღნიშნული პროგრამების მიხედვით ხდება ვეტერინარების დიპლომისშემდგომი მომზადება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობის სფეროში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად.
გრანტის ფარგლებში გამოყოფილი თანხები გრანტის მიმღებები ორგანიზაციების მიერ გამოიყენება ვეტერინარ მუშაკთა რაოდენობის გაზრდისთვის ვეტერინარული მედიცინის სკოლებში, შედარებითი მედიცინის დეპარტამენტში, ვეტერინარული მეცნიერების დეპარტამენტში ან სხვა დაწესებულებებში აკადემიური პროგრამების გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის გზით. ხარჯები ითვალისწინებს, აგრეთვე, საკლასო ოთახებში, ბიბლიოთეკებში და ლაბორატორიებში გარკვეული განახლებისთვის საჭირო თანხებს.
ვეტერინარი ექიმის საკვალიფიკაციო მომზადებას ითვალისწინებს, აგრეთვე, უკრაინის, ჩეხეთის, ფინეთის, უნგრეთის, მაკედონიის, სერბეთის, ხორვატიის, სლოვაკეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, იტალიის, საფრანგეთის, ავსტრალიის უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემები.
კანონპროექტს პარლამენტის სხდომაზე დღეს უნდა ეყაროს კენჭი.