ინდოეთის ქალაქ სილიგურთან, ჩაის პლანტაციაში, წყლის ღრმა რეზერვუარში ველური ლეოპარდი წყლის დასალევად ჩახტა და ვეღარ ამოვიდა!
აუზის მაღალი კედლები მისთვისაც კი იმდენად მიუდგომელი აღმოჩნდა, რომ წყლიდან დამოუკიდებლად ამოხტომა, მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ვერაფრით მოახერხა.
ძალაგამოცლილი ხვადის გადასარჩენად ხალხმა მაშველები – ნაკრძალ მაჰანანდას ეგერთა ბრიგადა გამოიძახა. საინტერესოა, რომ 4 თვის წინ ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში, ასევე ლეოპარდის გადარჩენისას, როცა მაშველები მეტისმეტად მიუახლოვდნენ, მტაცებელმა 8 კაცი ელვის უსწრაფესად ლამის დაგლიჯა, ერთს სკალპიც კი ახადა…
ამჯერად ჩაფხუტიანმა ეგერებმა ჭკუა იხმარეს და შორიდანვე გადაუგდეს მაშველი ბადე, რათა ცხოველს ამოსვლა თავადვე მოეხერხებინა. დაღლილი ლეოპარდი ბადეს არა მარტო ბრჭყალებით, კბილებითაც ჩააფრინდა, მალე ამოცოცდა და მაშინვე ტყეში გაუჩინარდა.