ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების მსხვერპლი ყოფილი პატიმრის სასარგებლოდ საქართველოს მთავრობას 3 000 ევროს გადახდა და გამოძიების წარმოება დააკისრა, _ აღნიშნულ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, საქართველოს მოქალაქემ დ.ჩ.-მ 2014 წელს საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და განაცხადა, რომ 2012 წლამდე იგი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი #8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან.
დ.ჩ.-ს ცემისა და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების გამო, მხედველობა არსებითად გაუუარესდა. შესაბამისად, იგი ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. დ.ჩ. პროფესიით არის მხატვარი.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საჩივარი სასამართლოში გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-13 (არაეფექტური შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალება) მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.
დ.ჩ.-ს სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 3000 ევროს გადახდა და ამავე დროს, მისი წამების საქმეზე გამოძიების წარმოება.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დ.ჩ.-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი წარმოადგენდა”, _ აღნიშნულია განცხადებაში.