ლეგენდარულ მევიოლინე ნიკოლო პაგანინის უცნაური ხასიათი ჰქონდა – თუ მდიდარი არისტოკრატები იწვევდნენ კონცერტის გასამართავად, ზღაპრულ ანაზღაურებას ითხოვდა, მაგრამ შეეძლო, ტურინის, ფლორენციის, მილანის ქუჩებში ხეტიალისას ღატაკებისათვის უფასო კონცერტი გაემართა.
ბრიტანეთში ყოფნისას ინგლისის მეფემ თავის სასახლეში მოისურვა მისი მოსმენა. პაგანინიმ თანხა დაუსახელა. მეფის წარგზავნილები კი მხოლოდ ნახევარი თანხის გადახდას დათანხმდნენ. პაგანინი გაგებით მოეკიდა მათ “გასაჭირს” და ურჩია: “ამ დღეებში თეატრში ვმართავ კონცერტს. ურჩიეთ მის უდიდებულესობას, იქ მობრძანდეს, ასე უფრო იაფი დაუჯდება ჩემი მოსმენა”…
პაგანინის საყვარელი ვიოლინო იტალიელი ოსტატის, ჯუზეპე გვარნერის გაკეთებული იყო.
მუსიკოსმა საკრავი მშობლიურ გენუას უანდერძა და დღესაც იქ ინახება. გვარნერის გაკეთებული ვიოლინოები დღემდე ყველაზე ძვირად ღირებულ საკრავად ითვლება. ჩვენამდე მოღწეული 140 “გვარნერიდან” ერთ-ერთი 2010 წელს ჩიკაგოს აუქციონზე 18 მილიონ დოლარად გაიყიდა.