თბილისში, გლდანის მე-7 მიკრორაიონში მედეა თათრიშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ის უკვე 7 წელზე მეტია, რაც ქმართან და 5 მცირეწლოვან შვილთან ერთად ვაგონში ცხოვრობს. მათ ღამის გასათევი არსად აქვთ და ამიტომ იძულებულები არიან ვაგონში იცხოვრონ.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას მედეა თათრიშვილი ამბობს, შვიდი წლის წინ ნაქირავები ბინიდან დიასახლისმა ის და მისი ოჯახი ქუჩაში გამოყარა.
„გლდანში რამდენიმე წელი ქირით ვცხოვრობდით. დიასახლისმა მოულოდნელად ქირა 250 ლარიდან 400 დოლარამდე გაგვიძვირა. მითხრა, თუ გადახდის საშუალება არ გაქვს უცხოელებს შემოვუშვებო და ქუჩაში გამოგვყარა“, _ ამბობს თათრიშვილი.
თათრიშვილის თქმით, უსახსრობის გამო სხვა ბინა ვერ დაიქირავეს, წასასვლელიც არსად ჰქონდათ, რის გამოც ორსული ქალი ღამეებს ბავშვებთან ერთად სადარბაზოში ათევდა.
„ჩემი მეუღლე, ბერიკა კაპანაძე 2006 წლამდე მესაზღვრედ მუშაობდა. რეფორმის შედეგად, 9 კლასის განათლების ქონის გამო, განცხადება დააწერინეს და სამსახურიდან გამოუშვეს. უსახსრობის გამო ბინის ქირაობა ვეღარ შევძელით. წასასვლელი არსად გვაქვს. მაშინ ლაზარეზე ორსულად ვიყავი და ორსულ ქალს ბავშვებთან ერთად რამდენიმე ღამე სადარბაზოში მეძინა. ჩემი ქმრის დეიდას შევეცოდეთ და თავის ეზოში მდგარი ვაგონი საცხოვრებლად დაგვითმო, სადაც მანამდე ცემენტს და რემონტისთვის საჭირო მსგავს მასალებს ინახავდა“, _ ამბობს თათრიშვილი.
მისი თქმით, ბავშვები წარჩინებით სწავლობენ სკოლაში, თუმცა, საცხოვრებელი პირობების გამო მეცანიდეობა ძალიან უჭირთ.
„ბავშვები წარჩინებით სწავლობენ სკოლაში. მე- 8, მე-5, მე-4 კლასებში არიან. სახლში კი სამეცადინოდ სათანადო პირობები არ აქვთ. ოთახში განათება არ არის საკმარისი და კითხვისგან თვალები ტკივდებათ“, _ ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ბავშვები საკუთარი კუთხის უქონლობასაც განიცდიან.
„განიცდიან, რომ საკუთარი კუთხე არ აქვთ. ამიტომ სხვა ბავშვებთან დაბადების დღეებზე და ა.შ. სტუმრად ვერ მიდიან. ამბობენ, რომ წავიდეთ, ჩვენც ხომ უნდა დავპატიჟოთ შემდგომში და ვაგონში, როგორ მოვიყვანოთ მეგობრებიო. ფეხბურთზე უნდათ სიარული და ვერ დამყავს. ფასიანია და გადახდის საშუალება არ მაქვს. რაც უფასოა და სოციალური აფინანსებს ვახერხებ, რომ ვატარო“.
როგორც მედეა თათრიშვილი ამბობს, საკუთარი შვილებისთვის ვერც ახალი ტანსაცმლის ყიდვას ახერხებს. რადგან ქმრის შემოსავალი, რაც დღეში 10 ლარს შეადგენს, ასევე სოციალური დახმარებიდან მიღებული თანხის უმეტესი ნაწილი პატარა ლაზარესთვის წამლების შესაძენად სჭირდება.
მისივე თქმით, ვაგონი, რომელშიც ოჯახი ცხოვრობს, ზაფხულში მზეზე ისე ცხელდება, რომ სუნთქვა ჭირს. ზამთარში ღუმელის დანთების შემდეგაც იგივე მდგომარეობაა, რამაც ბავშვის დაავადება გამოიწვია.
„ტანსაცმელს მეგობრები მჩუქნიან, როგორც ჩემთვის, ასევე, ბავშვებისთვის, თორემ ყიდვის საშუალება არ მაქვს. პატარას გასულ წელს ეპილეფსია დაეწყო. მოულოდნელად ბაღში გახდა ცუდად. როგორც ექიმებმა თქვეს, დაავადება უჰაერობამ გამოიწვია. ზამთარში „ფეჩით“ ვთბებით. ზოგ ფიცარს კი ცუდი სუნი აქვს დაწვისას. ამიტომ ფანჯრიდან მინა ამოვიღე, რომ ბავშვმა ისუნთქონ. ჰაერი არც ზაფხულშია საკმარისი, რადგან ვაგონი მზეზე ძალიან ცხელდება და იხუთება“, _ ამბობს თათრიშვილი.
ბავშვს ეპილეფიის დიაგნოზი გასულ წელს დაუდგინდა. ხელახალი კვლევის ჩატარებას კი ოჯახი ვერ ახერხებს, რადგან პატარა ლაზარე ჭიათურაში, მამის ოჯახშია რეგისტრირებული და შესაბამისად, კვლევის დაფინანსება თბილისში ვერ ხერხდება.
„მინდოდა, კონტროლის მიზნით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელახლა გამომეკვლია, მაგრამ არ დაგვიფინანსეს, რადგან ჭიათურაშია ჩაწერილი. როცა დაიბადა, დაბადების მოწმობას ვერ ვიღებდით და მამის ოჯახში დავარეგისტრირეთ. სხვა ბავშვები არსად არიან რეგისტრირებულები და პირადობის მოწმობის აღების დრო რომ მოუვათ, სად უნდა ჩავწერო, არ ვიცი. მეც უმისამართო პირადობის მოწმობა მაქვს და პერიოდულად ვანახლებ, სოციალური დახმარება რომ არ მომიხსნან“, _ ამბობს მედეა.
ოჯახს ვაგონში სხვა არასათანადო საყოფაცხოვრებო პირობების გარდა ვირთხებიც აწუხებს.
„ვირთხებიც გვაწუხებს. ღამე მე და ჩემს მეუღლეს არ გვძინავს შიშით, რომ ვირთხებმა ბავშვებს არაფერი არ ავნონ“, _ ჰყვება თათღიშვილი.
ოჯახმა ბინით უზრუნველყოფის თხოვნით თბილისის მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. უფრო მეტიც, მედეა თათრიშვილი იხსენებს, რომ მერიის თანამშრომლების დაცინვის ობიექტიც კი გახდა.
„გული მწყდება გასაჭირს რომ ვყვები და ყველა ზემოდან მიყურებს. დამცინიან. როცა მერიაში მივედი თავშესაფრის სათხოვნად, მითხრეს, მთავრობის ხარჯზე ამდენი ბავშვი რატომ გააჩინეო. ნარმანიას რამდენჯერმე შევხვდი, მაგრამ უშედეგოდ. ტელეფონში იხედებოდა ჩემს პრობლემებზე რომ ვესაუბრებოდი“.
როგორც მედეა თათრიშვილი გვეუბნება, მის თხოვნას არც პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი გამოეხმაურა.
„პაატა ბურჭულაძის ფონდსაც მივმართე დახმარების თხოვნით, მაგრამ არავინ დამხმარებია. შარშან ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეზე წაიყვანეს მარტო ბავშვები გასართობად“, _ ამბობს ის.
თათრიშვილი აღნიშნავს, რომ გლდანის რაიონის გამგეობიდან მას ბინის ქირის გადახდა შესთავაზეს, თუმცა, ბინას მრავალშვილიანობის გამო არავინ უთმობს.
„გლდანის გამგეობიდან შემოგვთავაზეს, რომ ბინა მექირავებინა და ქირას გადაიხდიდნენ. უკვე 8 თვეა ვეძებ, მაგრამ 5 ბავშვს რომ ხედავენ, ბინას არავინ გვითმობს. განსაკუთრებული არაფერი გვინდა. ნეტა 1 ოთახი მაინც იყოს, რომ ბავშვები წესიერად დავბანო. ოთახში ფარდას ვაკეთებ ბანაობის დროს და ასე ვწვალობთ“, _ ამბობს ის.
ოჯახს ნათესავები ჰყავს, მაგრამ მათ დახმარებას ვერც ისინი ახერხებენ.
„ვერავინ გვეხმარება. დედაჩემი ავადაა და ჩემს ძმასთან ცხოვრობს. იქ ამდენი სული ვერ დავრჩებით. ასევე, შეუძლებელია ცხოვრება ჭიათურაში, ჩემი მეუღლის ბინაში“, _ ამბობს თათრიშვილი.
როგორც „გურია ნიუსს“ ჭიათურის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ჭიათურაში, სადაც ბერიკა კაპანაძე და მისი პატარა ვაჟი არიან რეგისტრირებული 1 ოთახში 6 სული ცხოვრობს: „გოგებაშვილის 43 ნომერში მართლა ცხოვრობს ოჯახი, საიდანაც ბერიკა კაპანაძეა. მისი 4 და-ძმა და მშობლები, 6 სული 1 ოთახიან ბინაში ცხოვრობენ“.
„გურია ნიუსმა“ სცადა, გაერკვია, არის თუ არა შესაძლებელი მრავალშვილიანი თათრიშვილის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რისთვისაც თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა.
„მას არ აქვს შემოტანილი განაცხადი უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე. განაცხადის შემოტანის შემთხვევაში, მას კომისია განიხილავს და შესაბამისად, თუ იქნება საშუალება, დაკმაყოფილდება სოციალური საცხოვრისით დროებითად, ვიდრე მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და არ შეძლებს ბინის შეძენას“, _ აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
„გურია ნიუსი“ გლდანის რაიონის გამგეობასაც დაუკავშირდა. სადაც დაადასტურეს, რომ ოჯახს ქირას, ბინის პოვნის შემთხვევაში, გადაუხდიან.
„ჩვენთვის ცნობილია ამ ოჯახის მდგომარეობა. არაერთხელ დავეხმარეთ. ამ ეტაპზე ქირის თაობაზე განცხადება არ აქვს შემოტანილი. როგორც მოქალაქე ამბობს, შეთავაზება მართლა იყო, მაგრამ მან უნდა წარმოადგინოს საჭირო დოკუმენტაცია ქირის დაფინანსების განხილვის თაობაზე. რაც შეეხება დახმარებებს, აქტიურად ვეხმარებით და კიდევ დავეხმარებით კანონის ფარგლებში“, _ აცხადებენ გლდანის გამგეობაში.