უამრავი სფეროა, რომელთა რეალიზება მედიისთვის აუცილებელი პირობაა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურ თემებს მეტად ექცევა ყურადღება, ვიდრე სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამართალისა თუ ისტორიულ საკითხებს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? რატომ ექცევა ამ საკითხებს ნაკლები ყურადღება, მაშინ, როცა თითოეულ სფეროში უამრავი პრობლემა და განსახილველი საკითხია? ამ თემასთან დაკავშირებით „გურია ნიუსთან“ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ციცინო ბუკიამ ისაუბრა.
_ მოგეხსენებათ, პოლიტიკურ თემებს შედარებით მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამართლისა და ისტორიულ საკითხებს, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს სხვა სფეროს საკითხები?
_ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ჩვენს ცხოვრებაზე აისახება, საზოგადოების პოლიტიზებაც სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული. რასაკვირველია, მედია პოლიტიკურ პროცესებს უნდა აშუქებდეს, მაგრამ არც აპოლიტიკური ადამიანების უფლებების იგნორირებაა გამართლებული. მაგალითად, თუ ჟურნალ-გაზეთების კონცეფცია რედაქციების მიერვეა მკვეთრად განსაზღვრული და გამოცემა საზოგადოებრივ-პოლიტიკურია, მაშინ ის დადებულ პირობას აუცილებლად უნდა ასრულებდეს _ საზოგადოების ინტერესს ყველა მიმართულებით აკმაყოფილებდეს.
თუ საზოგადოებას უხარისხო პროდუქტს პერმანენტულად აწვდი, ის მისი მომხმარებელი ხდება. სხვანაირად ვერაფრით ახსნი ინდური სერიალების მომრავლებას. არადა, მათ, მდარე ხარისხის მიუხედავად, მაყურებელი ნამდვილად ჰყავს.
საზოგადოება სხვადასხვა ტიპის, გემოვნების, განათლების, ხასიათის, მოთხოვნილებების მქონე ადამიანთა ერთობლიობაა. შესაბამისად, მედიის ყველა მიმართულებაში თავისი წილი, მისთვის საინტერესო მასალა ყველამ უნდა აღმოაჩინოს. თუ ეს ასე არ ხდება, მაშინ მედიის მუშაკთა კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა მოგვიწევს.
_ ცნობილია, რომ თქვენ 2011-დან 2013 წლის ჩათვლით იკვლევდით ქართულ პრესას, თქვენ მიერ მიღებული მონაცმების მიხედვით, გაზეთების უმეტესობა ძირითადად, რა თემებზეა ორიენტირებული?
_ სამი წლის განმავლობაში, ხუთ პოპულარულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ გამოცემას ვიკვლევდი. მიღებული მონაცემების თანახმად, გამოცემათა უმეტესობა მიზანმიმართულადაა პოლიტიზებული. რადგან რუბრიკათა აბსოლუტური უმრავლესობა, ხშირ შემთხვევაში, გაზეთის გვერდების რაოდენობის ნახევარზე მეტი, პოლიტიკურ თემატიკას ეხება. თუ რედაქცია, სხვა თემებსა და რუბრიკებს თითო ან ნახევარ გვერდს უთმობს, ხოლო პოლიტიკის რუბრიკაში ერთ თემასთან დაკავშირებით, 5 ჟურნალისტის 5 სხვადასხვა მასალაა დაბეჭდილი, რა თქმა უნდა, საქმე მიზანმიმართულ პოლიტიზებასთან გვაქვს. კულტურის სფეროსთან დაკავშირებით თითქმის არაფერი იბეჭდება, რაც გარკვეულ ვაკუუმს აჩენს. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კვლევისას აღმოვაჩინე, რომ ორი გაყინული ტერიტორიული კონფლიქტის პირობებში, ჩემ მიერ საკვლევად აღებული წლების განმავლობაში, ამ ზონებზე თითქმის არაფერი იწერებოდა. თვითონ განსაჯეთ, მაგალითად, ერთ-ერთმა გამოცემამ სამი წლის განმავლობაში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ მხოლოს 9 მასალა დაბეჭდა. მაშინ, როცა სკანდალური მასალები, სადაც პოლიტიკოსთა მხრიდან ერთმანეთის მისამართით მწვავე და, ხშირ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება, ჟურნალისტთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, პასუხი ერთმნიშვნელოვანია, მედია სკანდალზეა ორიენტირებული.
მედია აუდიტორიის კვლევის მეთოდს ხშირად უნდა მიმართავდეს, რადგან ჟურნალისტმა საზოგადოებას რელევანტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ღირებულება კი, არა ჟურნალისტის, არამედ აუდიტორიის ინტერესით განისაზღვრება.
_ როგორ ფიქრობთ, თავად საზოგადოება რატომ ურიგდება იმ ფაქტს, რომ მედია გარკვეულ სფეროებს, მიმართულებებს, ნაკლებ ყურადღებას უთმობს?
_ მედია აყალიბებს გემოვნებას, ქმნის საზოგადოებრივ აზრს. უკეთესის არარსებობის შემთხვევაში, ყველაზე მდარე პროდუქციაც კი შეიძლება უალტერნატივო გახდეს. ასევე, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებს ყოველდღიურად უამრავ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. ყოფითი საკითხები გაცილებით მწვავედ აღიქმება და პრესის მიერ შემოთავაზებული თემებისა და მასალების ხარისხზე ფიქრისთვის, ხშირ შემთხვევაში, მათი კითხვისთვისაც კი, უბრალოდ, დრო არ რჩებათ.
ვინც უკმაყოფილოა, ის ალტერნატივას ინტერნეტსივრცეში პოულობს. მისთვის საინტერესო მასალებს ეძებს, საინტერესო ფილმებს უყურებს, თვითონ იგეგმავს პროგრამას და არათუ გაზეთს არ ყიდულობს, ტელევიზორსაც არ უყურებს.
ასე რომ, თუ მედია აუდიტორიის სხვადასხვა სეგმენტის ინტერესების იგნორირებას განაგრძობს, საბოლოო ჯამში, ერთი კონკრეტული აუდიტორიის ანაბარა დარჩება. მიმაჩნია, რომ ამაზე ღირს დაფიქრება.
_ კულტურის საკითხებზე იშვიათად მახვილდება ყურადღება, ამგვარი დამოკიდებულება, როგორი შედეგის მომტანია საზოგადოებისთვის?
_ რასაკვირველია, სავალალო შედეგის. იმდენად, რამდენადაც კულტურის სფეროს გაშუქებით, მედიამ თავისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია უნდა შეასრულოს _ არა მარტო გაართოს მაყურებელი, არამედ მისცეს მას განათლება, განუვითაროს გემოვნება, გააცნოს საინტერესო ადამიანები, გმოაქვეყნოს რეცენზიები, წარმოაჩინოს ელიტური კულტურაც.
დღეს, როცა ფსევდოკულტურა კონტრკულტურად იქცა, აუცილებელია საზოგადოებისათვის ნიჭიერი ავტორების გაცნობა. ხელოვნების სხვადასხვა სფეროს პოპულარულ, მაგრამ უნიჭო წარმომადგენლებზე წერით მკითხველს ღირებულს ვერაფერს შევძენთ, რაც მთლიანობაში ქვეყნის წინსვლას სასიკეთოდ არ წაადგება. თუმცა კულტურის სფეროს რიგიანად გაძღოლას, ინტელექტი და დახვეწილი გემოვნება სჭირდება.
როფორ ფიქრობთ, პირველ ყოვლისა, რა უნდა გაკეთდეს პრობლემის აღმოსაფხვრელად?
_ აუცილებელია დარგობრივი ჟურნალისტიკის განვითარება. უნივერსიტეტები ცდილობენ, საამისო ბაზა შექმნან.
ასევე, აუცილებელია მედიის მესვეურთა დაინტერესება, მათ უნდა გამოხატონ ნება, რომ მზად არიან დააკმაყოფილონ ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლის ინტერესი. შესაბამისად, აუცილებლად უნდა ჩაატარონ კვლევები და იმუშაონ იმ თემებზე, რაც სხვადასხვა სეგმენტისთვისაა პრიორიტეტული. გააზრებული პოლიტიკა და პროფესიონალური მიდგომა მედიას, როგორც ბიზნესსაც, წაადგება და მომხმარებელთა ინტერესსაც დააკმაყოფილებს.