-ამერიკაში წასულა.
-ამერიკაში?!
-სხვაგან ახლოში ვერ დეიმალა, ამ სიშორეზე წასვლა რა უბედურობაა?
-კი მარა, ერთი მითხარი, თუ ძმა ხარ, ეს რაფერ მოახერხა, ამერიკაა, ქუთაისი ხომ არაა!
-ძამია შენ ფარა თქვი, თვარა რასაც გინდებიან იმას გააკეთებ,-თქვა მწყემსმა ლადიმემ. სწორედ მან მოუტანა ძმებს ნიკოიას ამერიკაში გახიზვნის ამბავი.
-გეცოდინებათ, ლანჩხუთში ცხენოსნებს რომ აგროვებენ ამერიკაში წასაყვანად. იქინე შოვში და ცირკებში დაჯლიგინობენ, გასამჯელოსაც უხთიან და ქე არიან გვარიანად. ჰოდა, რაცხაფერაი მუახერხა, ხომ იცი კარგი მოჯირითე ქე არის და, გუნდის ბელადს დაელაპარიკა, მიხთი ხომ, და მაგი საქმეც მოაკვარახჭინა.
-უ, მაგის!
-ჩვენსას რაი ხდება?
-ბესიას ამბავი თუ გეიგეთ?
-რაი ამბავი?
-მომკტარა.
-რას ამბობ, შე კაცო!
-ჰო. სტრაჟა რომ დიეცა თავს, მაშვინ დოუჭრიათ, ქე ჩააღწია ქობულეთამდე, რაცხა უწამლენ, მარა ჭრილობა გოუმიზეზდა და გადახვა კიდეც. მანუჩარამ და ნიტიფომ იქვე დამარხენ.
-ვაიმე, გუნება მთლათ დამეკარქა!
-ძალიან ბიჭი იყო, რაფერი ვაჟკაცი!
-საწყალი მაგის მშობლები!
-სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით და… სოფელში ეკუცია რომ ჩამუაყენეს ქე იცით…
-გაამწარენ ხომ ხალხი,-არ დაამთავრებინა შალვამ.
-ნამეტანი… გადასახადები შეაწერეს. ქალები და ბაღნები მეზობელ სოფლებში გაიხიზენ, შეშინებული არიენ. შეჩვენებული ყაზახრუსები სადაც კი მოიხელთებენ საქონელს, ქათამს, ღორს და ინდოურს, კლავენ, ღვინოს ჭურებიდან სუამენ ჩექმებით, წაბილწენ ყოლიფერი. ამოართვენ ხალხს სული.
ძმები გაჩუმებულები და დაზაფრულები უსმენდნენ.
-თქვენ თავს ითხუენ, გამუაჩინეთ მაი ფილარებიო და მაგიორში მოვხსნით ეკუციასო, ჩივიან, მარა ხალხმა არ დათმო.
-რა ვქნათ ახლა ჩვენ?
-ამერიკაში უნდა წევიდეთ!-ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ გადაჭრით თქვა შალვამ,-აქანე ჩვენ აღარ დაგვედგომება, ბოქაულის მოკვლის მერე მთელი მთავრობა ჩვენ გვსდევს კუდში, ხვალ იქნება თუ ზეგე მაინც დაგვიჭირავენ. უნდა გევიქცეთ! ჩვენი წასლის ამბავს რავარც კი გეიგებენ, დიეთხუებიან ხალხს.
-კი მარა, რაფერ უნდა წევიდეთ? პაშპორტები არ გვჭირია ამიზა?-გაუკვირდა ვასილას.
-მე გეტყვით ერთს-უთხრა ლადიმემ,- წითელ რაზმში ძმანები მყავს, იგენს შეუძლია ნებისმიერი პაშპორტის კეთება.
-შენ, ქე იცი, ჩვენ პოლიტიკურები არ ვართ….
-ვიცი მარა, დიდ პატივში ხართ გენერლის საქმის შემდეგ… მაგიზა ნუ ფიქრობ, ამ საქმეს მივხედავ, პაწა ფარა იქნება საჭირო და თუ წითელ რაზმს იარაღით დიეხმარებით…
-ამ საქმიზა ჩემო ლადიმე, ბეური ფარები იქნება საჭირო,-უარის ნიშნად თავი გააქნია შალვამ.
-იარაღიც,–დაამატა ვასილამ.
-შე კაცო, რაც თქვენ იარაღი გაქვენ, იმდონი ვგონებ პორტ არტურში არ ქონებია რუსებს და მაღალი ღმერთის შეწვნით ფარას ქე იშონით და ქე გამუა რაცხა.
-მე ვერ წამუალ,-სიჩუმე დაარღვია კიკიამ.
-რეიზა, შე კაცო?
-ხომ იცით აქანე მოხუცი მშობლები მყავს, დაი… პატარა ხანს კახეთში გადავალ, იქინე დევიმალები და მერე ქე ვნახავ. ვერ მივატიეფ ოჯახს…
სამი თვის შემდეგ ძმები სტამბულში იყვნენ. ევროპული ტანისამოსი და ამერიკული დოლარები წინასწარ შეიძინეს ბათუმში, ასევე მეფის ოქროს ხუთი და ათმანეთიანი მონეტები, ეს ის ნადავლი იყო რაც პასპორტების დამზადებამდე მათ გურიისა და იმერეთის გზებზე ეტლებისა და მატარებლების, ბაზრებისა და მაღაზიების, მდიდარი ვაჭრების და უბრალოდ შეძლებული ხალხის გაძარცვით შეაგროვეს. პასპორტების საფასური, საკუთარი იარაღი, ზედ კიდევ დამატებული სამი ბერდენა, ორი მაუზერი, ორი ნაგანი, ათიოდე ხელყუმბარა და ტყვია-წამალი წითელრაზმელებს გადასცეს, კიდევ ხუთი თუმანი ბესიას ოჯახს გაუგზავნეს და გამოემშვიდობნენ სამშობლოს.
სტამბულში მარსელისკენ მიმავალ გემზე რამდენიმე დღის შემდეგ უნდა გადამსხდარიყვნენ. ერთხელაც ღვინის დალევა მოინდომეს. სამიკიტნოში შევიდნენ, საჭმელი შეუკვეთეს და ორიოდე ბოთლი ღვინოც დააყოლეს. ცოტა ხანში მათ ისე მოერიათ ძილი, რომ თავის იაფფასიან სასტუმრომდე ძლივს მილასლასდნენ, იქ კი მკვდრებივით დაეძინათ. სამიკიტნოდან კი მათ კაცი აედევნა და მთელი ავლადიდება – ოქროს ფული – მოპარა. ეს ფული შემდეგ სამიკიტნოს მფლობელს ჩააბარა, რომელმაც წინასწარ ბანგგარეული ღვინო დაალევინა ძმებს. საბედნიეროდ, ძმებს პასპორტები შერჩათ, რადგან შალვას ისინი ლეიბში შეუნახავს საგანგებოდ.
სასტუმროს მფლობელმა ძმები გამოაგდო –ოთახის ქირას ვეღარ იხდითო და დარჩა ორი გურული გარეთ, უფულოდ და ყველანაირ საშუალებას მოკლებულნი გზა განეგრძოთ ამერიკისაკენ. სასოწარკვეთილები დადიოდნენ სტამბულის ვიწრო, დაკლაკნილ და ხალხით აჭრელებულ ქუჩებში და არ იცოდნენ რა მოემოქმედათ. რაიმე სამუშაო უნდა ეშოვნათ, აბა, აქანე შიმშილით ხომ არ მოვკვდეთო და სამჭედლოებს დაუარეს. დამხმარე არავის სჭირდებოდა. ერთხელაც, ნისლიან დილას სამჭედლოს იმედგაცრუებულებმა ისე ჩაუარეს გვერდი არც კი შეუხედავთ შიგნით, უცბად იქიდან ქართულად ღიღინი შემოესმათ, მჭედლები ქართველები ყოფილან. გამოეცნაურნენ და ამ ღვთისნიერ ხალხს დამხმარეებად დაუდგნენ.
დრო კი მიჰქროდა.
სამჭედლოში დადიოდა ერთი თბილისელი სომეხი ვაჭარი, რომელიც დიდი ხანია რაც ოსმალეთში ცხოვრობდა, თუმცა ეს არ უშლიდა ხელს, რათა ,,დაშნაკციუტუნის” წევრი ყოფილიყო. ეს პარტია თბილისში იყო შექმნილი და ფულს უმთავრესად დაშინებით, ტერორითა და ექსპროპრიაციებით შოულობდა. ისინი მსოფლიოში მიმოფანტულ მდიდარ სომხებს ფულს სძალავდნენ, ხოლო ვინც ეურჩებოდა, სხვების დასაშინებლად, უბრალოდ კლავდნენ. ამის შემდეგ კაი ბიჭი იყავი და მათთვის ფული არ მიგეცა.
სომეხს ძმები გაცნობის პირველივე დღიდან მოეწონა, დაუახლოვდა მათ და ერთხელაც თავისი გულის წადილი გაანდო:
-რასაცა არ ვშოულობ, ნახევარს პარტიას ვუგზავნი, მაშა! მაგრამა ეხლა დიდი ფულია საჭირო. აი, თქვენცა, ჯიგრებოჯან, ფულები გჭირდებათ, ეგრე არ არის? აბა, უფულო კაცი რისი მაქნისია. მაგრამა, ეს ფულები სად უნდა იშოვოს პატიოსანმა კაცმა.
-მაი ჩვენ რომ ვიცოდეთ, აქანე კი არ ვიჯდებოდით,-უთხრა ვასილამ.
-ეგრეა, ეგრე ვასოჯან, ზატო მე ვიცი,-ჩაიჩურჩულა მან,-ფულები ბანკშია.
-ფულები რომ ბანკშია და ჩვენ არ გვაქვენ, ქე ვიცით.
-შენ ძამია რაცხა ახალი გვითხარი.
-ქაჯან, შენ კი ნუ მასხრობ აქა, ფულები ბანკშია და იქიდან წამოღება უნდა. მე კიდე ვიცი რანაირად.
ძმებმა თავიდან უყურადღებოდ დატოვეს ეს ამბავი, ამფერი აბდლობა არ გაგვიგიაო, მაგრამ მერუჟანა, ასე ერქვა ვაჭარს, არ ეშვებოდა, ბოლოს თავისი გეგმაც გაანდო – სტამბულის ერთ-ერთი ბანკი უნდა გაეძარცვათ. ცოტა ხანში ძმებს თანამზრახველები-ორი სომეხი დაშნაკიც გააცნო.
ცოტაოდენი ფიქრისა და ჭოჭმანის შემდეგ ძმები დათანხმდნენ – სამჭედლოში მთელი ცხოვრება რომ ემუშავათ, გზის ფულს მაინც ვერ დაფარავდნენ, გურ იაში კი ვერ ბრუნდებოდნენ, ასე რომ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.
შეიარაღებული თავდასხმა თავიდანვე გამოირიცხა:-არც ერთს ცოცხალს არ გაგვიშვებენ,-მერუჟანამ ყელზე ხელი გაისვა,-მე უფრო ნაღდი პლანი მაქვს.
მერუჟანას ბანკში თავისი კაცი ჰყავდა, რომლის მეშვეობითაც გაიგო, რომელ სამჭედლოში მზადდებოდა სეიფისა და საცავების გასაღებები. სამჭედლო-მაღაზიის მფლობელი თურქი ჰასანი დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, იქ მიეჩვია რუსული არყის სმას, ამ ჩვევას კი მისი რწმენა ხელს არანაირად არ უშლიდა.
-რა დრო მევიდა, თათარმაც ქე დეიწყო ოტკის სმა, გაგიგია ამფერი ამბავი?-ამბობდა შალვა.
მერუჟანა ლამის მთელ სტამბულს იყო მოდებული, ყველას იცნობდა და მასაც ყველა იცნობდა. ერთხელაც, ეს კი გურულების გაცნობამდე იყო, ვითომდა საქმეზე მივიდა ჰასანთან სამჭედლოში, საკეტი გააკეთებინა და ამის შემდეგ მისი ,,ერთგული” კლიენტი გახდა. იცოდა რა მისი მიდრეკილების შესახებ, რამდენჯერმე დაპატიჟა რუსულ რესტორანში, კარგად აქეიფა, გამოათრო და მიიჩვია.
-ძალიან ძვირი კი მიჯდება ეს ტარტაროზი, აი! ნაღდი უძირო ბოჩკაა, რა!-ჩიოდა მერუჟანა ძმებთან.
ასე გრძელდებოდა რამოდენიმე კვირის განმავლობაში. თურქი ისე მიეჩვია მერუჟანას, რომ მას არაყი თავისი ,,ზაკუსკით” უკვე სამჭედლოში მოჰქონდა ხოლმე. ერთხელაც, ,,უძირო ბოჩკაში” მორიგი ,,ჩასხმის” შემდეგ, ჰასანი კარგად რომ შეთვრა, მერუჟანამ ფრთხილად ბანკის შესახებ ჩამოუგდო ლაპარაკი. მოულოდნელად თურქმა, რომელიც ძლივს იდგა ფეხზე, ,,თავისი საუკეთესო მეგობარი” მეზობელ ოთახში გაიყვანა და საიდუმლო გაანდო – ბანკის გასაღებების ყალიბები აქა მაქვს, და ყველაფერი სეიფიდან გადმოულაგა.
ამასობაში ძმები თავის ამქრებთან ერთად ბანკის ადგილმდებარეობას სწავლოდნენ და აკვირდებოდნენ მის ყოველდღიურ მუშაობასა და განაწესს. ბანკი სამსართულიან აგურის შენობაში იყო განთავსებული, რკინის გისოსები მხოლოდ პირველ სართულის ფანჯრებს ჰქონდა გაკეთებული, თვით საცავი კი მეორე სართულზე იყო განლაგებული.
ერთ საღამოს, გალეშილი ჰასანი მერუჟანამ იქვე სამჭედლოში მიაწვინა, ბიჭებს ნიშანი მისცა და ისინიც მაშინვე იქ გაჩნდნენ, სეიფი გახსნეს და ყალიბები ამოიღეს. ძმებმა გაქანდნენ სამჭედლოში, რამდენიმე საათი მოანდომეს ასლების გაკეთებას, შემდეგ ისევ უკან დააბრუნეს. ნახევარი საქმე ლამის გაკეთებული იყო, ახლა ყველაფერი ბიჭების მარიფათზე იყო დამოკიდებული.
დაითქვა გაძარცვის დღე.
ბანკის გარშემო უამრავი ხის ძველი შენობა იდგა, ბიჭებმა მოიმარაგეს ბლომად ნავთი, ბაზარში მეხანძრეთა ტანსაცმელი შეიძინეს. მერუჟანა ბუზღუნებდა: იქით არყის ყიდვაში გავიყიდე, აქეთ კიდევ ნავთისაშიო.
დათქმულ დღეს ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა მათ რამოდენიმე სახლს ნავთი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. მზისგან გამომხმარი ხე მაშინვე აალდა. სულ რამდნიმე წუთში კი ატყდა განგაში და შეიქნა ჩოჩქოლი:
–ხანძარია! ხანძარი!
ცეცხლი ქარის მეოხობით სწრაფად მოედო გვერდით მდგომ ხის სახლებს და სულ მალე ბანკის მიმდებარე ტერიტორია აბრიალდა.
შეშინებული ქალებისა და ბავშვების წივილ-კივილი და ტირილი აყრუებდა იქაურობას. კაცები დაფეთებულები აქეთ-იქით დარბოდნენ და წყალს ეზიდებოდნენ. ვისაც შეეძლო სახლებიდან ნივთები გამოჰქონდა. შავი ფერის კვამლმა შთანთქა ყველაფერი, პანიკამ მოიცვა იქაურობა. სულ მალე მეხანძრეთა ეტლები გამოჩნდნენ, გაშალეს მილები და შეუდგნენ ხანძრის ჩაქრობას. გამოჩნდა პოლიცია. ბანკის დაცვაც თითქმის ერთიანად გარეთ გამოცვივდა. ცეცხლისა და კვამლის მიუხედავად სეირის მაყურებელიც ბლომად მოგროვდა, პოლიცია გინებით, ყვირილითა და ხელჯოხებით მათ დაშლას ცდილობდა.
ამასობაში მეხანძრეთა ერთი ეტლი ბანკს უკანა მხრიდან მიადგა, მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ეტლიდან შალვა, ვასო და ერთი დაშნაკი გადმოვიდნენ, მეორე სომეხი ეტლში დარჩა. ფსევდო მეხანძრეები შენობის სახანძრო კიბის მეშვეობით მეორე სართულზე აძვრნენ, ჩაამტვრიეს ფანჯარა, შეძვრნენ შენობაში, სეიფები გააღეს და ფულის გადმოლაგება დაიწყეს. ბანკნოტები ტომრებში ჩააწყვეს, ზურგზე აიკიდეს, შენობიდან ისევ კიბის საშუალებით ჩამოვიდნენ და ეტლში ჩასხდნენ. ,,ავიკრათ გუდა-ნაბადი და მოვცოცხოთ აქიდან დროზე”, თქვა შალვამ, მეეტლემ ცხენებს შეუძახა, ეტლი ადგილიდან მოწყვიტა და წამიერად კვამლში გაუჩინარდა.
ფული მერუჟანას ერთ-ერთ მაღაზიაში გაიყვეს და სამუდამოდ გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. იმავე დღეს შალვა და ვასილა წინასწარ დაქირავებული პატარა კატერით სტამბულს გაერიდნენ.