“თვითმიზანი არ არის ვიღაცეების გაშვება, ჩვენ არავის ნამდვილად არ ვერჩით”, _ ეს განცხადება თბილისის ახლად არჩეულმა მერმა მერიაში გასახორციელებელი ცვლილებების შესახებ გააკეთა.
კალაძის თქმით, როგორც მერია, ასევე, გამგეობები მოსახლეობის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. გატარდება რეფორმები და გაუმჯობესდება მუნიციპალური სერვისები.
თბილისის მერი საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს საკუთარ გუნდს წარუდგენს. დღესვე უნდა დაამტკიცონ დეპუტატებმა დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა. ვიცე მერის პოზიციაზე წარდგენილია ირაკლი ხმალაძე, მოადგილეებად კი მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი.
მეხუთე მოადგილე ენერგეტიკის მოქმედი მინისტრი ილია ელოშვილი იქნება, რომელსაც კახა კალაძე მოგვიანებით წარადგენს.
მთავრობის ახალი შემადგენლობა საკრებულოს დეპუტატების კითხვებს კომიტეტების სხდომაზე უპასუხებენ. თბილისის საკრებულოს სხდომა კი, 17:00 საათზეა ჩანიშნული.
“ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის როგორც მერია, ასევე გამგეობები იყოს ორიენტირებული ადამიანებზე, ადამიანის კეთილდღეობაზე, უნდა იყოს გაუმჯობესებული მუნიციპალური სერვისები, შესაბამისად, რეფორმები განხორციელდება. რა როგორ იქნება, უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ყველასთვის. თვითმიზანი არ არის ვიღაცეების გაშვება, ჩვენ არავის ნამდვილად არ ვერჩით,” – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის მოადგილეებთან ერთად, საკრებულომ ნდობა უნდა გამოუცხადოს ასევე 10 რაიონის გამგებელს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს. მათ შორისაა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ნიკოლოზ ჭონქაძეც, რომლის გამოც ახლად არჩეული მერი ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა.
თბილისის ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება მმართველ გუნდს საკუთარი ძალებით მოუწევს. ოპოზიცია ახალი მერის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.