ქართველი ხელოვანები ყოველთვის შესანიშნავი იუმორის გრძნობით იყვნენ დაჯილდოებულები. ამ თვისების გამო სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილან.
დღევანდელ წერილში რამდენი ათეული წლით უკან მინდა რომ დავბრუნდე და ნაკლებად ცნობილი რამდენიმე სახალისო ისტორია გავიხსენო.
თავდაპირველად ცნობილი ქართველი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძის ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ.
„კომუნისტების დროს რომ ფილმს იღებდი, სცენარს „ზემოთ“ ამტკიცებდა მკაცრი ცენზურა. კანონით, რაც სცენარში არ იყო, ისეთ ეპიზოდს ვერ გადაიღებდი. გახსოვთ, ალბათ, „ჯარისკაცის მამის“ ეპიზოდი, როდესაც ქალები ხის ვარცლებში („ტაშტებში“), მდინარის პირას სარეცხს რეცხავენ. თავიდან ეს ეპიზოდი დამტკიცებულ სცენარში არ ყოფილა.
ჩვენ ჩავამატეთ და სპეციალურად, რამდენიმე ხის ვარცლიც დავამზადებინეთ. რუსთავში პატარა ეპიზოდი გვქონდა გადასაღები და ვიფიქრე, ბარემ ვარცლების ეპიზოდსაც აქვე, მტკვრის პირას გადავიღებთ-მეთქი, მაგრამ, როგორც კი გადასაღებად მოვემზადეთ, მოულოდნელად, ადგილობრივი პარტიული კომიტეტი და „კაგებე“ წამოგვადგა თავს. გვითხრეს, თქვენ, თურმე, „ტაშტების“ ეპიზოდს, უსანქციოდ იღებთ და გაგვარკვიეთ, რატომო. მაშინ ყველგან „კაგებეს“ ინფორმატორი იჯდა და როგორც ეტყობა, მან „ჩაგვიშვა“… ვარცლების გადამალვა მოვასწარით და ზემდგომები მშვიდობიანად გავისტუმრეთ. სანქცირებული ეპიზოდი გადავიღეთ და თბილისში ჩამოვედით. იგივე განმეორდა საქართველოს დედაქალაქში და ვერც აქ გადავიღეთ ვარცლები, რადგან აქაც „კაგებე“ და პარტიული კომიტეტი გამოგვეცხადა…
ეს ცნობილი ეპიზოდი, როგორც იქნა, რიგაში გადავიღეთ, მხოლოდ იქ ვერ მოგვწვდნენ, თუმცა ჩვენს „ტაშტებს“ საკმაოდ ბევრი სდიეს“.
ცნობილი ქართველი მსახიობი გია ფერაძე ერთხელ ერთ ბომონდურ სუფრაზე მოხვდა მოსკოვში. იქ ყველა ყველას იცნობდა, ერთმანეთს ნაძალადევი არისტოკრატული მანერებით მიმართავდნენ, სტუმარს კი ყურადღებას არ აქცევდნენ – გიას თავს აჩვენებდნენ, რომ, თითქოსდა, ძალიან განათლებულები იყვნენ და საუბარში მედიდურ ფრაზებსაც გამოურევდნენ ხოლმე… გია ფერაძე რის გია ფერაძე იქნებოდა, რომ სიტუაცია არ „ეჩიჩმა“. გიამ შამპანური დაისხა, ფეხზე წამოდგა და აყაყანებულ ბომონდს მიმართა:
– ვხედავ, რომ ძალიან ღირსეული, განათლებული ხალხი ხართ აქ შეკრებილი და შეიძლება, სამიოდე კითხვა დაგისვათ?
– გვკითხე, – ერთხმად, ფამილარულად მიუგო „ბომონდმა“ „პროვინციელს“.
– რა ერქვა კარლ მარქსის მამას? – იკითხა გიამ და ორ დუჟინ „განათლებულებში“ ერთმაც არ იცოდა პასუხი…
– ჰაინრიხი! – თქვა ფერაძემ და იქვე დაამატა:
– ვინ დაწერა სიმღერა „პოდმოსკოვნიე ვეჩერა“?
ბომონდი კვლავ დუმდა.
– ვასილ პავლოვიჩ სოლოვიოვ-სედოიმ, – გაანათლა ქართველმა „პროვინციელმა“ „ბომონდი“ და მესამე კითხვაზე გადავიდა:
– რა უფრო კარგია სასუქად – ჩიტის სკინტლი თუ საქონლის ფუნა?
– ფუნა! ფუნა! – ერთმანეთს ასწრებდა პასუხს აყაყანებული „ბომონდი“.
გია ფერაძემ ხელის აწევით გააჩერა „განათლებულები“ და თქვა:
– პოლიტიკა თქვენ არ გესმით, არც ხელოვნება, ფუნასა და ქაქში კი კარგად ხართ გათვითცნობიერებულები. თქვენს განათლებას გაუმარჯოს! – გიამ ბოკალი ბოლომდე გამოცალა და ამაყად დატოვა სუფრა.
გია დანელია რომ თავის ცნობილ კომედიას, „აფონიას“ იღებდა, რომელიც ლოთ სანტექნიკოსზეა და ჩანაფიქრის მიხედვით, ლოთობაზე სატირა უნდა ყოფილიყო, სამი ცნობილი მსახიობი შეარჩია მთავარ როლზე: პოლონელი დანიელ ოლბრიხსკი, საყოველთაოდ ცნობილი ვლადიმირ ვისოცკი და ლეონიდ კურავლიოვი. სამივე ერთმანეთისგან ისე რადიკალურად განსხვავდებოდა, სამი ფილმი რომ გადაღებულიყო, სამივე ერთმანეთისგან განსხვავებული სურათი გამოვიდოდა. საბოლოო ჯამში, არჩევანი კურავლიოვზე შეჩერდა და ფილმმაც გაამართლა. სატირული პერსონაჟი კი, საკმაოდ მომხიბვლელი გამოვიდა და აფონია სიბრალულსა და აქედან გამომდინარე, სიმპათიებსაც კი იმსახურებდა მაყურებლებში. თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ ლოთი კაცების აღშფოთებული ცოლები. მათგან „მოსფილმში“, დანელიას სახელზე ათასობით წერილი მოდიოდა.
დანელია იხსენებს:
„განსაკუთრებით ერთი ქალის წერილი დამამახსოვრდა, რომელიც აღშფოთებული მწერდა: „ამხანაგო რეჟისორი, ასეთი მომხიბვლელი ლოთი სანტექნიკოსის სახე რომ შექმენით, გძინებიათ კი ოდესმე, მთვრალ სანტექნიკოსთან?..“
საპასუხო წერილში მივწერე: „არც მთვრალთან და არც ფხიზელ სანტექნიკოსთან არ მძინებია-მეთქი“.
ცნობილი რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი ასეთ ისტორიას იხსენებდა:
„მოსკოვში სწავლისას ჩემთან ერთად ოთახში ერთი შავკანიანი ბიჭი ცხოვრობდა, რომელიც პატარა აფრიკული ქვეყნიდან იყო და აბადუ ერქვა. სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა და ისე ძლიერ უნდოდა ამ პროფესიას დაუფლებოდა, დღე და ღამე მეცადინეობდა, თავისუფალი დრო, პრაქტიკულად, არ ჰქონდა. ყურმოკვრით ვიცოდი, რომ დიდგვაროვნის შთამომავალი იყო, მაგრამ რა რანგის, წარმოდგენა არ მქონდა და ვერც ვიხელთებდი სალაპარაკოდ, რომ ყველაფერი დაწვრილებით გამომეკითხა. ერთ დღეს შევდივარ ოთახში და რას ვხედავ: აბადუ საწოლზე ზის და მწარედ ტირის… თავდაპირველად მეგონა, რეპეტიციას გადიოდა, მაგრამ ტირილი რომ გაუგრძელდა, ვკითხე:
– რა გჭირს, აბადუ, ასე მწარედ რატომ ტირი-მეთქი…
– 83 წლის მამა გარდამეცვალა, – სლოკინით მომიგო აბადუმ.
მე მივუსამძიმრე და ვუთხარი:
– რას იზამ, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ღმერთმა აცხონოს მამაშენი.
ჩემს სიტყვებზე აბადუ უფრო მეტად ატირდა და იმეორებდა:
– ნეტავ, არ მომკვდარიყო. წავალ და ვეღარ ჩამოვალ. მე კი მსახიობობა მინდა.
– ჩამოხვალ, ნუ დარდობ. დაასაფლავებ მამაშენს და უკან დაბრუნდები. ნეტავ, მის ასაკამდე ყველას მიგვაღწევინა. გულს ნუ იკლავ. ძალიან ემოციური ხარ და შენგან კარგი მსახიობი დადგება-მეთქი, – დავუყვავე მტირალ აბადუს. მან კი ტირილი შეწყვიტა და მითხრა:
– მამაჩემი მეფე იყო. მე მისი მემკვიდრე ვარ და ხალხი მოითხოვს, მისი ტახტი დავიკავო, მერე ვერც აქ ჩამოვალ და ვერც მსახიობი გავხდები…
მწარედ აქვითინებული აბადუ ორიოდე დღეში თავის სამშობლოში მეფე აბადუ მესამედ აკურთხეს. როგორი მმართველი იყო ვერ გეტყვით, მაგრამ მისგან ურიგო მსახიობი არ გამოვიდოდა. თუმცა, ვინ იცის, შეიძლება, გამოადგა კიდეც მსახიობობის ნიჭი.