დიდ ქართველ მსახიობს, დოდო აბაშიძეს ჭირის დღესავით სძულდა როლების ტექსტების დაზეპირება. ალბათ, ამის ბრალიც იყო, რომ თეატრალურ სცენაზე თამაშს ერიდებოდა და კინემატოგრაფზე იყო გადართული. თუმცა, ბოჰემური ცხოვრების მიმდევარი, იქაც ზარმაცობდა და რეჟისორებს ხშირად უწევდათ დოდოს სუფლიორის მოვალეობის შესრულება. ეს ყველაზე უკეთესად გიგა ლორთქიფანიძეს გამოსდიოდა.
“დათა თუთაშხიას” გადაღებისას ბატონი გიგა კამერის უკან იდგა და დიდი მონდომებით კარნახობდა მსახიობს “მამაძაღლი არქიფო სეთურის” სათქმელს. ამ დროს ბატონი გიგა ისე შედიოდა ეშხში, რომ ტექსტს შესაბამისი ინტონაციით და ჟესტიკულაციითაც კი წარმოთქვამდა. რა გენიალურად განასახიერა დოდო
აბაშიძემ სეთურის პერსონაჟი, საზოგადოებისთვის ცნობილია. მსახიობი რეჟისორსაც არ უკარგავდა დამსახურებას და ეხუმრებოდა: აწი, გვერდიდან აღარ მოგიცილებ, იცოდე, ყველა გადაღებაზე თან უნდა მახლდე, შენ ვინ ყოფილხარ, რა ვთქვა, იმას ხომ მეუბნები, როგორ უნდა ვთქვა, იმასაც მკარნახობ, ამაზე უკეთესი რაღა უნდა იყოსო…
საუკეთესო თამადა და მომლხენი იყო, თუმცა, ერთი ახირება ჰქონდა: როგორც კი სუფრაზე ნამცხვარს მოჰკრავდა თვალს, თამადობას თავს ანებებდა და სადავეებს სხვას გადააბარებდა ხოლმე. ამბობდა: სუფრაზე რომ “ტარტალეტკები” შემოვა, მერე იქ გაჩერება აღარ ღირსო.
მის მკლავის ძალაზე ხომ ლეგენდები დადიოდა. დოდო აბაშიძის უმცროსი მეგობარი, მსახიობი გურამ ფირცხალავა ხუმრობდა, დოდო მხოლოდ მაგარი მოჩხუბარი კი არ იყო, საოცრად ლამაზად ჩხუბობდა და “სპორტის ამ სახეობას” განსაკუთრებულ ესთეტიკურობას ანიჭებდაო.
გურამ ფირცხალავა ერთ ინციდენტს იხსენებდა, რომელიც მოსკოვში გადახდომიათ თავს. დოდო აბაშიძეს ვიღაც აფროამერიკელებთან მოსვლია ბარში ჩხუბი. მხოლოდ ძველ ამერიკულ ფილმებში რომ ნახავთ, ზუსტად ისე ისროდა და ასრიალებდა ერთმანეთის მიყოლებით, ბარის “სტოიკის” მთელ სიგრძეზე იმ საცოდავებსო.