უამრავი საგანმანათლებლო რეფორმის მიუხედავად, საქართველოში განათლების დონე არ იცვლება, რაც ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად აისახება. რატომ არ იზრდება საქართველოში განათლების დონე და რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას პრობლემის აღმოსაფხვრელად? _ ამ თემებთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსთან“ ფილოლოგმა ზინა გაბიჩვაძემ ისაუბრა.
_ როგორ ფიქრობთ, განათლების სამინისტრო რა ქმედით ნაბიჯებს უნდა დგამდეს განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?
_ ნათქვამია, ქვეყნის წარმატებისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი განათლების დონეა. რამდენადაც განათლებულია ერი, იმდენად წარმატებულია ქვეყანა. განათლებული საზოგადოება ქმნის ძლიერ სახელმწიფოს. დღეს ერიცა და ბერიც ილიას სახელს გაიძახის. თუმცა, რას გვეუბნებოდა, რატომ გვაფრთხილებდა, რისგან გვიცავდა ის, ბევრ ჩვენგანს არ აქვს გაცნობიერებული, უფრო სწორად, ალბათ, ცოტამ თუ იცის. ილიას მხოლოდ „კაცია-ადამიანი?!“ და „ოთარაანთ ქვრივი“ არ დაუწერია. მის წერილებს სამაგიდო წიგნად ნუ ვაქცევთ, ბატონო, წავიკითხოთ მაინც, დავფიქრდეთ და დასკვნა გამოვიტანოთ. ილია წერს, „ეხლანდელმა სკოლამ უნდა მოუმზადოს ერს გონებითა და გულით გაღვიძებული კაცი იმდენად, რომ იგი საკუთარი ჭკუით და გონებით გაუჭირვებლად გაუძღვეს ცხოვრებას“.
რამე შეიცვალა? _ არაფერი; ვისწავლეთ რამე? _ არაფერი. ამ ეპოქას სხვა მოთხოვნები უდგას და განათლების ის მოდელი, რომელიც საბჭოთა სისტემისთვის იყო დამახასიათებელი, მოძველებულია. განათლების პოლიტიკაში ცვლილებები არ არის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა მინისტრის საუბრობს იმის შესახებ, რომ სკოლა ორიენტირებული უნდა იყო აზროვნების განვითარებაზე. რეალურად რა ხდება? _ არაფერი! საბჭოური სისტემის ნგრევის შემდეგ, ე.წ. გარდამავალი პერიოდი დიდ ხანს გაგრძელდა და ეს უპირველესად მომავალ თაობაზე აისახა. სკოლას ვერ უშველის ვერც მაღალხელფასიანი მასწავლებელი და ვერც თანამედროვე აღჭურვილობა. აუცილებელია, ახალი პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დანერგვა.
ჩვენი პრობლემა ისაა, რომ სკოლას წინ და წინ ვუყენებთ კონკრეტულ მოთხოვნებს. სკოლა ქარხანა არ არის, სადაც ერთნაირი პროდუქცია მზადდება. სკოლა სამჭედლოდ არ უნდა იქცეს. განათლების სისტემამ მხოლოდ თავისუფალ ადამიანად უნდა ჩამოაყალიბოს მოსწავლე. სკოლადამთავრებულს კრიტიკულად აზროვნების უნარი უნდა ჰქონდეს. ამას მარტო განათლების სამინისტრო ვერ უშველის. ამაში ჩართული უნდა იყოს მასწავლებელიც და მშობელიც.
_ წელს საატესტატო გამოცდებში 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა. აქედან გამომდინარე, ფიქრობთ, რომ უნდა გაიზარდოს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამსვლელი ქულის ბარიერი ?
_ ბარიერი გაზარდა-შემცირებით სურათი არ შეიცვლება, თუ ჩვენ ძირეული გარდაქმნა გვინდა და არა მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელებით მანიპულირება. ამაზე ერთი კახური ანდაზა მახსენდება _ „ვირი გინდ ღობის შიგნით დააბი, გინდ _ ღობის გარეთ, ვირი ვირია“. თვისობრივად თუ არ შეიცვალა განათლების სისტემაში ყველაფერი, მხოლოდ ფასადური „რესტავრაცია“ არაფრის მომტანი იქნება. სანამ განათლების სტანდარტი არ შეიცვლება, რადგან რეალობაში მისი გახორციელება შეუძლებელია, სკოლაში რეფორმა სრულყოფილად ვერ გახორციელდება. სანამ სტანდარტისა და ე. წ. “CAT”-ის გამოცდის მოთხოვნა შესაბამისობაში არ მოვა, არაფერი შეიცვლება; ბარიერი, სადაც უნდა გაიზარდოს, ეს არის უმაღლესი სასწავლებელი; სანამ უმაღლესი განათლება „აუცილებელი“ იქნება საზოგადოებაში, არაფერი გვეშველება.
კონფუცი ამბობს: „სამი გზით შეიძლება მივიდეთ ცოდნამდე _ ეს არის: აზროვნება, რომელიც ყველაზე კეთილშობილური გზაა; მიბაძვა, რომელიც ყველაზე მარტივი გზაა და გამოცდილება, რომელიც ყველაზე მწარე გზაა. დღესდღეობით, ვფიქრობ, ჩვენ სამივე დაკარგული გვაქვს.
_ განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თქვა, ჭიანჭველას კვალიფიკაცია არ ჰქონდა ხტომაში და ამიტომ ჩავარდაო. როგორ ფიქრობთ, თავად ალექსანდრე ჯეჯელავას რამდენად ჰქონდა განათლების მინისტრობისთვის საჭირო და აუცილებელი კვალიფიკაცია?
_ მედიაში ხშირად ვრცელდებოდა განათლების მინისტრის „ფრთიანი ფრაზები“ სხვადასხვა საჯარო გამოსვლიდან. არა მგონია, რომ ასეთი „პოპულარული“ და არათანმიმდევრული განცხადებებით უნდა დაეწყო განათლების რეფორმებზე მსჯელობა. „ჭიანჭველას, რომელსაც კვალიფიკაცია არ ჰქონდა ხტომაში“, რწყილი დაეხმარა. მაინტერესებს, ბატონ მინისტრს რისი ან ვისი იმედი ჰქონდა და თუ ახსოვს, ნაცარქექიას შემქმნელმა ხალხმა ისიც რომ თქვა, გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო!
ზღაპრებთან ერთად, ცოტა ფილოსოფიისთვისაც რომ მიეხედა, არ იქნებოდა ურიგო. ლაოძის სიტყვებს შევახსენებ: „დააკვირდით თქვენს ფიქრებს, ისინი თქვენი სიტყვები ხდებიან. დააკვირდით თქვენს სიტყვებს, ისინი ქმედებად იქცევიან. დააკვირდით თქვენს მოქმედებებს, ისინი ჩვევებად ყალიბდებიან.“
_PISA-ს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების 15 წლის მოსწავლეთა ტესტირების შედეგებს ემყარება, 72 ქვეყანას შორის საქართველო ბოლოდან მეთერთმეტე ადგილზე აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეესაბამება საქართველოში მიღებული განათლება საერთაშორისო სტანდარტებს?
რა არის ძირითადი პრობლემა? არა გვყავს საჭირო რაოდენობის კვალიფიცირებული პედაგოგი. შეიძლება სერტიფიცირებული იყოს პედაგოგი, მაგრამ მისი გაკვეთილი საერთოდ არ იყოს საინტერესო. სკოლაში საგნები ისწავლება ისე, როგორც – წლების წინ. უმეტეს შემთხვევაში, სწავლებაში ახალ მეთოდებს არ იყენებენ, ხშირ შემთხვევაში, ეს იმიტომ ხდება, რომ სკოლას არ გააჩნია ახალი ტექნოლოგიები, არის მხოლოდ ოთახებში ჩაკეტილი რამდენიმე კომპიუტერი, რომელთაც ინფორმატიკის გაკვეთილებზე იყენებენ. სკოლებში არ აქვთ საბუნებისმეტყველო საგნებისთვის განკუთვნილი ლაბორატორია, სადაც საჭირო თვალსაჩინოებები განთავსდებოდა, ამიტომაა, რომ, ძირითადად, ამ საგნებში თეორიულ საკითხებს სწავლობენ, კარგად აღჭურვილი ლაბორატორია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლას უფრო საინტერესოსა და შედეგიანს გახდის. თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების განვითარება მიღებული პრაქტიკა არ არის. სწავლება არ არის, როდესაც პედაგოგი გაკვეთილს ახსნის, შემდეგ მისცემს მოსწავლეებს რაიმე ტექსტს, რომელიც უნდა დაიზეპირონ და დაწერონ ან გადაიწერონ საშინაო დავალება. არ არსებობს კლუბური საქმიანობისთვის სათანადო სივრცე. სახელმძღვანელოთა ძალზე დაბალი ხარისხიც დამატებით პრობლემას ქმნის სკოლაში. ჩემი აზრით, კარგი პედაგოგი ამავე დროს კარგი მკვლევარი უნდა იყოს. მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს, ასწავლიდეს და თავადაც ბევრ რამეს სწავლობდეს მოსწავლეებისაგან, მომავლი თაობისაგან.
_ ქალბატონო ზინა, საგანმანათლებლო სფეროში ჩატარებული არა ერთი რეფორმის მიუხედავად, ფაქტია, რომ განათლების დონე დაბალია. როგორ ფიქრობთ, რატომ იყო და რჩება გადაუჭრელ პრობლემად განათლების საჭირბოროტო საკითხები?
_ ვფიქრობ, პასუხი მარტივია, „თუ ხედავ, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, არ შეცვალოთ მიზანი, შეცვალეთ მოქმედება“. ჩვენთან მოქმედება არ იცვლება!