“დანაპირებს ვასრულებ და მინდა გითხრათ, რომ ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩა #36-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ფლობენ და სარგებლობენ დაუკანონებელი ფართებით ჩვენ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადავცემთ ბინებს”,- ამის შესახებ თბილისის მერის კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, ბინა 23 ოჯახს დაუკანონდება.
“მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ ადამიანებს, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში ბიუროკრატიული პროცედურების, თუ სხვა მიზეზების გამო საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებთ დავპირდი, რომ ჩემი მერობის პირობებში პირველ რიგში, სწორედ, ამ საკითხის მოგვარებას დავიწყებდი. რაღათქმაუნდა, დანაპირებს ვასრულებ და მინდა გითხრათ, რომ ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩა N 36-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ფლობენ და სარგებლობენ დაუკანონებელი ფართებით ჩვენ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადავცემთ ბინებს. ჯამში დაკმაყოფილდება 23 ოჯახი, 1353,59 კვ.მ. ფართით. ეს ის ოჯახებია, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და მუდმივად ცხოვრობდნენ შიშით, რომ დღეს თუ ხვალ გამოასახლებდნენ, დარჩებოდნენ ღია ცის ქვეშ. ეს, რათქმაუნდა, არ მოხდება და მე მინდა გითხრათ, რომ პროცესი ამითაც არ დასრულდება. ჩვენ განვიხილავთ ყველა ასეთ შემთხვევას ინდივიდუალურად და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში”, _ განაცხადა დედაქალაქის მერმა.