პრემია-დანამატების გაცემა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო სტრუქტურებში წარმატებული პრაქტიკაა, რასაც არსებული მონაცემები ადასტურებს. კერძოდ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური _ სუს-ის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ანაზღაურებამ 2016 წელს პრემია-დანამატების ჩათვლით 142 609 ლარი შეადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო – მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წლის განმავლობაში დანამატი 41 ჯერ აიღო.
თბილისის მერია- მერის ორმა მოადგილემ 2016 წლის განმავლობაში პრემია და დანამატები 15-ჯერ, ვიცე-მერმა კი 13-ჯერ მიიღეს. მათი ანაზღაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასზე მნიშვნელოვნად მეტია, ხოლო დედაქალაქის მერის ხელფასს თითქმის 2-ჯერ აღემატება.
ფინანსთა სამინისტრო – საგამოძიებო სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი ბადაშვილმა, 2016 წელს 121 152 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, საიდანაც თანამდებობრივი სარგო 35 400 ლარია, ხოლო მის მიერ 29-ჯერ მიღებული დანამატები ჯამში 85 752 ლარს შეადგენს.
საოლქო პროკურორის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, უკლებლივ ყველა მინისტრისა და პარლამენტის წევრების ანაზღაურებასაც.
საქართველოში არსებულ პრაქტიკას არც საკონსტიტუციო სასამართლო ჩამორჩება. კერძოდ, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსგან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და 8 მოსამართლეს, 9 თვის განმავლობაში, 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯამში, 312 532 ლარის პრემია-დანამატი აქვთ აღებული. როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მოსამართლეებმა, ჯამში, 494 100 ლარის თანამდებობრივი სარგო, 90 150 ლარის პრემია და 222 382,50 ლარის დანამატი მიიღეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის მიერ მიღებული თანხა (ცხრა თვის განმავლობაში), რომელიც სარგოს, პრემიისა და დანამატის თანხებს აერთიანებს ასე გამოიყურება:
თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი ჯამში _100 365 ლარი; მისი ყოველთვიური ხელფასი _ 7 000 ლარი; ყოველთვიური დანამატი _ 2 985 ლარი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ლალი ფაფიაშვილის მიერ, ამ დროის განმავლობაში აღებული ფულადი ჯილდო: თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი, ჯამში, 91 665 ლარს შეადგენს.
მისი ყოველთვიური ხელფასია 6 300 ლარი, ყოველთვიური დანამატი _ 2 835 ლარი;
სასამართლოს თავმჯდომარის მეორე მოადგილის მერაბ ტუღუშის მიერ ცხრა თვის განმავლობაში აღებული თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი, ჯამში, 97 965 ლარია. აქედან _ ყოველთვიური ხელფასი 6 300 ლარს შეადგენს, ყოველთვიური დანამატი _ 2 835 ლარს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის, მერაბ ტურავას მიერ ამ დროის განმავლობაში აღებული თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი, ჯამში, 91 665 ლარია. ყოველთვიური ხელფასი _ 6 300 ლარი; ყოველთვიური დანამატი _ 2 835 ლარი.
პრემია -დანამატები აღებული აქვთ სხვა მოსამართლეებსაც:
გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინა იმერლიშვილს, მაია კოპალეიშვილს, მანანა კობახიძესა და თამაზ ცაბუტაშვილის ყველა მოსამართლეს ჯამში პრემიის სახით 9000 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით, თითოს, ჯამში _ 24 615 ლარი.
თითოეული მოსამართლის ყოველთვიური სარგო 6 000 ლარია, ყოველთვიური დანამატი კი _ 735 ლარი.
კითხვით _ როგორ შეიძლება დარეგულირდეს კანონი, რომ პრემია-დანამატებთან არსებული პრაქტიკა აღმოიფხვრას? _ ,,გურია ნიუსმა“ პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს მიმართა. როგორც ცისკარიშვილი ამბობს, საკითხი სიღრმისეულად შესასწავლია. მისი თქმით, ჯილდოს გაცემის პრაქტიკა, რომელიც პრემია-დანამატების სახელს ანაცვლებს, მკაფიოდ დასარეგულირებელი და განსასაზღვრია. პოლიტოლოგი პარლამენტარებს მოუწოდებს, არ წაბილწონ ისეთი საამაყო სიტყვის მნიშვნელობა, როგორიც ჯილდოა.
„შესასწავლია ეს საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლო არ გახლავთ ახლახან ჩამოყალიბებული სტრუქტურა. მას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ისიც გასათვალისწინებელია ბათუმში მომუშავე მოსამართლეებს ბინები მისცეს თუ ფული გადაუხადეს იქ დასაბინავებლად. კანონი, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, თუ რა შემთხვევაში იქნება ზრდადი ხელფასი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ თავად მოსამართლეები აჯილდოვებდნენ საკუთარ თავს გაუგებარი გადაწყვეტილებებისთვის. ახლა შემოიტანეს ახალი ტერმინი, პრემია-დანამატები ჯილდოთი იცვლება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჯილდო ნეგატიური შინაარსის შემცველი ნაკლებად იქნება, ცდება. ჯილდო უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. მოუწევს ჩვენს პარლამენტს, კანონით განსაზღვროს კონკრეტულად, რა არის ჯილდო და რა შემთხვევაში იღებს სახელმწიფო მოხელე და განსაკუთრებით მოსამართლე მას. ვიდრე არ გავიგებთ ზუსტად, რა ესმის ჯილდოში ჩვენს ხელისუფლებას, მანამდე ყველაფერი ჯილდოდ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რაც მიუღებელია. პარლამენტში ქართულ სიტყვებს მაინც ნუ წაბილწავთ ჯილდო არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საამაყო, ვიდრე ნამატი, პრემია და ასეთი მობეზრებული სიტყვები“, _ განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ მაქსიმალურად შეიზღუდება პრემიების და დანამატების განაწილება.
“გასულ წელს არსებითად შევკვეცეთ ბიუროკრატიული ხარჯები. ვგულისხმობ 10%-იანი კლების რეფორმას, რომელიც გახორციელდა მთავრობის მიერ და ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა. დღეს საკითხი კანონის დონეზე წესრიგდება. ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უკვე მოწესრიგებული გვაქვს. პარლამენტში არცერთი დეპუტატი არ იღებს პრემიას. აქ არის საუბარი შრომის ანაზღაურებაზე, რომელიც შედგება სარგოსგან და დანამატისგან. დანამატიც არის ფიქსირებული“, _ აღნიშნა კობახიძემ.