“გურია ნიუსს“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე ა(ა)იპ თანამშრომლები დაუკავშირდნენ და პრობლემის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს. მათი თქმით, ნოემბერში ხელფასები არ აუღიათ და როგორც მათ აქვთ ინფორმაცია, არც დაურიგდებათ.
“ძალიან გთხოვთ, იქნებ დაგვეხმაროთ ინფორმაციის მოძიებაში, როდის ჩაგვერიცხება ჩვენი კუთვნილი ხელფასი და რა არის ამის ხელფასის დაგვიანების მიზეზი?“_გვითხრეს შრომითი ანაზღაურების გარეშე დარჩენილმა ა(ა)იპ თანამშრომლებმა.
აღნიშნულის გასარკვევად მივმართეთ ქალაქ ოზურგეთის მერიას, თუ რა არის ა(ა)იპ თანამშრომლებისთვის ხელფასების არგაცემის კონკრეტული მიზეზი და არის თუ არა აღნიშნული პრობლემა რაიმე კავშირში არჩევნებთან? _ ამ კითხვაზე მერიის პრესსამსხაურში განმარტავენ, რომ არჩევნები აღნიშნულ პრობლემასთან არაფერ კავშირშია, თანხა არსებობს თუმცა დასაკორექტირებელია:
_ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა ა(ა)იპ-ს მიღებული აქვს ნოემბრის თვის ხელფასი. დარჩენილია მხოლოდ ორი ა(ა)იპ _ რაგბის განვითარების კავშირი და ოზურგეთის სერვისცენტრი. აღნიშნული ა(ა)იპ-ების ბიუჯეტები არის დასაკორექტირებელი. ბიუჯეტის ცვლილება არ გახორციელდა, ვინაიდან საარჩევნო პერიოდში ბიუჯეტის ცვლილება დაუშვებელია. დღეის მდგომარეობით, ცვლილების გასახორციელებლად ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი არსებობს, თუმცა, დაკორექტირება ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ ხერხდება, რადგან მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ლიკვიდაცია. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულება გადაჰყვება ახალ მუნიციპალიტეტს, _ აცხადებენ პრესსამსახურში.
“გურია ნიუსი“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მუშაობს და ვრცელ მასალას უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.