2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კიდევ ერთი სიახლეა. კერძოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებზე არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება.
“აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან. ცვლილების თანახმად, გამონაკლისი მხოლოდ იმ აბიტურიენტებს შეეხებათ, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ კვლავ შეეძლებათ გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში ჩააბარონ რუსულ ენაზე”, – აღნიშნულია მაია მიმინოშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრისვე ცნობით, სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილება არ შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას. ეს გამოცდა ჩატარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე.