ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ზედმეტი დებატების გარეშე უკან გაუბრუნა მერიას.
მანამდე კი, პროტესტის ნიშნად, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა საკრებულოში, ამირან გიგინეიშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის დეპუტატებისთვის გაცნობა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას დაევალა, რაც გიგინეიშვილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
„თვითმართველობის კოდექსის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტი უშუალოდ მერმა უნდა წარმოადგინოს, რა შუაშია როლანდ ლაშხია აქ?!“ _ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დეპუტატმა და დარბაზი დატოვა.
მართალია, სხდომას ბოლომდე დაესწრო, თუმცა, საკითხთან მიმართებაში გიგინეიშვილს სოლიდარობა გამოუცხადა კახა ასკურავამ, რომელიც საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.
რაც შეეხება თავად ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს, რომელიც საკრებულომ კორექტირებისთვის უკან დაუბრუნა გამგეობას, როლანდ ლაშხიას თქმით, მასში ნაკლებადაა ასახული ის, რაც ლანჩხუთის ახალარჩეული ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტულია.
„ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში ძირითადი მიმართულებები მართალია, გამოკვეთილია, თუმცა, ეს პროექტი ძველ შემადგენლობასთან ერთად შევიმუშავეთ, ამიტომ მასში არ არის ასახული ის ამოცანები და მიზნები, რაც ახალარჩეულ მერს და საკრებულოს აქვს დასახული. ახლა ბიუჯეტის პოექტის უკან გამოწვევაზეა საუბარი, რომ ჩაიდოს ის ძირითადი ამოცანები, რაც მოქმედ ადგილობრივ ხელმძღვანელობას ესახება მიზნად“, _ ამბობს ლაშხია.
ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ალექსანდრე მახათაძე. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს ახალ შემადგენლობას ჯერ არ უმუშავია და იგი დამუშავების პროცესშია.
სამაგიეროდ, მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას, რომელიც მთავარ აქცენტს მის პროგრამულობაზე აკეთებს.
„ეს ბიუჯეტი ისეთივე პროგრამულია, როგორც ჩემი კატა სებასტიანი საორღანო სონეტებს დაწერს მისი სეხნია იოჰან სებასტიან ბახივით. არანაირი რაოდენობრივი მოსალოდნელი შედეგები, არანაირი გაზომვადი შეფასების ინდიკატორები! აი, თუნდაც ერთი მაგალითი: ქვეპროგრამა _ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა; მიზანი _ ფერმერული მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა; მოსალოდნელი შედეგი _ სოფლის მეურნეობის განვითარების დონის ამაღლება; შეფასების ინდიკატორი _ განვითარებული სოფლის მეურნეობა.
ავშენებულვართ და ესაა. რამდენად ამაღლდა, რაში ამაღლდა?!
რასთან, ძველ ეგვიპტესთან, შვეიცარიასთან, კანადასთან თუ ნიკოლოზის დროინდელ პოტიომკინის სოფლებთან შედარებით. ასე დაწერილ, გაურკვეველი შედეგის მქონე პროგრამას დედამიწაზე არც ერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი ფონდი არ დააფინანსებს და ჩვენმა ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს?!“ _ ამბობს გიგინეიშვილი.