საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე ორი დღის განმავლობაში მშობლიურ გურიას სტუმრობდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი საქველმოქმედო საქმე გააკეთა.
“გურია ნიუსთან“ საუბრის დროს გიორგი კეკელიძემ თქვა, რომ “გურული დღიურების“ მესამე წიგნის გამოცემის შემდეგ რომანზე _ „ლილოს ანჯელესზე“იწყებს მუშაობას.
რატომ წყვეტს მწერალი “გურული დღიურების“ გამოცემას, გიორგი კეკელიძემ ამ კითხვაზე ასე გვიპასუხა:
“ცხადია, “გურული დღიურების“ წერას არ ვწყვეტ, უბრალოდ, სხვანაირ ფორმატში გავდივარ. ვფიქრობ, რომ ტიპური რომანების ფორმატში გადავიდე, სადაც გურიას, ასევე, ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი. რაც შეეხება “გურულ დღიურებს”, ეს პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ბოლო წიგნი ძალიან ხარისხიანია ლიტერატურული თვალსაზრისით და საჭიროდ ჩავთვლე, აქ დასმოდა ყველაფერს წერტილი, რომ მომაბეზრებლად არ ქცეულიყო“, _ გვითხრა გიორგი კეკელიძემ.
გიორგი კეკელიძე ხვალ, ჩოხატაურში, ივლიტას ბიბლიოთეკას ესტუმრება და ფონდ “გურული დღიურების“ ფარგლებში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეს სტიპენდიას გადასცემს.