ასეთ უსინდისო განცხადებებს და ასეთ ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ ჩვენ არავისგან და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში _ ამ განცხადებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.
საქმე ეხება ოპოზიციის კითხვებს, რომელიც სპეცოპერაციისას ჩატაევის შესაძლო ლიკვიდირებას, მის ქვეყანაში შემოსვლას და ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხება.
ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი, პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლა.
„უამრავი ფაქტი შემიძლია გავიხსენო, მათ მიერ დაგეგმილი ხელოვნური ტერაქტების, რომელსაც ეწირებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ამიტომ, ამ თემაზე ნურავინ ნუ გაბედავს, რომ თავს უფლება მისცეს და ილაპარაკოს თითის გაშვერით ჩვენსკენ, მაშინ, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიერ დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობა, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე არ იგემონ,“ _ აცხადებს ეკა ბესელია.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე კითხვაზე, უნდა გათავისუფლებულიყო თუ არა ახმედ ჩატაევი ციხიდან , ჟურნალისტებს ურჩევს ახმედ ჩატაევის სისხლის სამართლის საქმეს გადახედონ.
„კითხვა დაიწყეთ იქედან რა ბრალდება წაუყენა მას წინა ხელისუფლებამ და ეს ბრალდება უნდა ყოფილიყო თუ არა დადასტურებული. ეს ბრალდება წაუყენეს მას და ჰქონდა საბრძოლო მასალის შენახვა, ნაკლებად მძიმე დანაშაული როგორც მე ვიცი, ამოიღეთ ის მასალები, ნახეთ რა საქმე გააგზავნეს სასამართლოში და დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ, რომ თითქოს ის გათავისუფლდა პარლამენტის მიერ, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ტყუილი,“ _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
pirveliradio.ge