“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზადაა სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას დაუჭერს მხარს, თუმცა პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ეს თავად კანდიდატზეც იქნება დამოკიდებული.
„ნაციონალური მოძრაობა მოწადინებულია, რომ აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს და შესაბამისად, კონსულტაციებს ვმართავთ მათთან.
ვფიქრობთ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუმცა ბუნებრივია ეს თავად კანდიდატზეც იქნება დამოკიდებული. უახლოესი დღეები გვიჩვენებს როგორ დასრულდება კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.
მაშინ, როცა ქვეყანაში იშვიათი გამონაკლისის გარდა თავისუფალი მედია არ არსებობს, სასამართლო პოლიტიკურ კონტროლსაა დაქვემდებარებული და გრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, აღნიშნული თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია. არასამთავრობო სექტორმა უნდა მოახერხოს და ამ თანამდებობაზე სხვადასხვა პარტიებთან ერთად აირჩიოს ის ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატი არ იქნება და მათ ინტერესებს არ გაატარებს“, _ აღნიშნა მელიამ.