შეხვედრები ვაშინგტონში და წმინდა სინოდის წევრების განცხადებები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებსა და ისტორიულ მტრებზე _ ქართველი ეპისკოპოსები, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
ამ თემაზე ისაუბრეს ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნულ ფონდში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე.
„ნამდვილად სთხოვეს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს აშშ და არა მხოლოდ ამერიკა, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. როდესაც საუბარია პროპაგანდაზე, რომელიც როგორც აღნიშნეს კვლავაც არ აღიქმება სათანადო პრობლემად და მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალებით მოხდეს გამკლავება, რადგან ასევე აღინიშნა, რომ ეკლესიის გამოყენებაც ხდება რუსული პროპაგანდის მიერ,“ – განაცხადა ”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ.
შეხვედრების შემდეგ საპატრიარქოს დელეგაციამ დაადასტურა, რომ ეკლესია მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიურად განვითარებული დასავლური ქვეყნების პირობებში, რუსული პროპაგანდა არ უნდა მძლავრობდეს.
„ასე ვთქვი, რომ ალბათ მიზეზი უნდა ეძებონ თავის თავში, რომ რაღაც გამორჩათ, რაღაცას ვერ ითვალისწინებენ. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ასეთ ტექნოლოგიური, განვითარებული და წინ წასული ამერიკა და ევროპა როგორ შეიძლება აგებდეს რუსეთთან, რომელიც ახლა იწყებს გამოსვლას. იმიტომ, რომ 90-იან წლებში ცხადია, მას ამის თავი არ ჰქონდა, არც შესაძლებლობა არ გააჩნდა და ბოლო 10-15 წელია რაც რუსეთი გამოვიდა მსოფლიო არენაზე. მიზეზი უნდა იპოვონ თავის თავში. უკეთესი პიარი, უკეთესი ინფორმირება, ინტერპრეტირება მოვლენების და ფართო გაშუქება,“ – განაცხადა რუსთაველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ.
დემოკრატიის ეროვნულ ფონდში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს კათოლიკური ეკლესიის და სომეხთა ეპარქიის ეპისკოპოსები, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე და შეიხი რამინ იგიდოვი.
rustavi2.ge