არასამთვრობო ორგანიზაცია “ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ თავმჯდომარე ქეთევან ქიდაშელი კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი გახდა. ქეთევან ხიდაშელმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ დვაბზუში შექმნა საინიციატივო ჯგუფი “დვაბზუს ქალთა ცენტრი”, ხოლო 2010 წლიდან მან დააფუძნა ორგანიზაცია ” ქალები რეგიონის განვითარებისთვის”.
ქეთევანი და მისი ორგანიზაცია ამჟამად ოთხი მიმართულებით მუშაობს: სათემო ფილანტროპია, ოჯახში ძალადობის პრევენცია, ახალგაზრდული პროგრამები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა.
“ვეცდები ეს ჯილდო ღირსეულად ვატარო. მადლობა იმ ადამიანებს ვინც წარმადგინა და მადლობა მათ ვინც ღირსეულთა შორის გამომარჩია. მადლობა მათ ვინც ჩვენს საქმიანობაში ხელს გვიწყობდა. ყველა ვინც ჩემს გვედით იდგა, არანაკლებს იმსახურებდა,“ _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქეთევან ხიდაშელმა.
„კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ ქალთა ფონდმა, საქართველოში პირველად 2013 წელს დააწესა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადაეცემა ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს.
ფონდის ინფორმაციით, კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ახალი სახეების წარმოჩენა და წახალისებაა.
შეგახსენებთ, რომ კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი.