2 დეკემბერს, 11:00 საათზე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის; ჭავჭავაძის ქ. #14) საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო გოგუაძე საჯარო შეხვედრას გამართავს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციისა და
ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ.
საჯარო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებაა რომლის მიზანია, მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება ევროპის საბჭოს კონვენციაზე (სტამბოლის კონვენცია), რომელიც “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის
შესახებ” საკითხებს ეხება.
შეხვედრაზე ნინო გოგუაძე და გენდერული საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ანა წურწუმია-ზურაბაშვილი მიმოიხილავენ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას, სამომავლო გეგმებს და საზოგადოებას გააცნობენ სტამბულის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესულ
მნიშვნელოვან ცვლილებებს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, აგრეთვე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამარ ბარკალაია, რომლებიც მოსახლეობას გააცნობენ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დასვას კითხვები და დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.