“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის თითოეულ ფაქტზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვნები, იყვნენ დაცულნი” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
უწყებაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია სამართალდამცავი ორგანოებისთვის კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
“ამავე დროს, მნიშვნელოვანია თავად საგანმანათლებლო სისტემის როლი არასრულწლოვნების აღზრდაში და მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. გასაძლიერებელია საზოგადოების, მათ შორის პედაგოგების, ფსიქოლოგების და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით. დასახვეწია მანდატურების ინსტიტუტიც, რათა მათ უზრუნველყონ არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, არამედ იმ კონფლიქტების პრევენცია, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში იწყება და პოტენციურად შესაძლოა ამ სივრცის გარეთ გაგრძელდეს,“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლის ორი მოსწავლე ვერაზე, ხორავას ქუჩის N4-ში დაჭრეს, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი დღეს, კლინიკაში.