თავისი არსებობის მანძილზე ამერიკული კინემატოგრაფი ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას _ ინდიელებს, სისხლისმსმელ და განუვითარებელ ადამიანებად წარმოაჩენდა. მათი რეაბილიტაცია დაიწყო გასული საუკუნის 50-იან წლებში, კინემატოგრაფისტები და არა მარტო ისინი, ინანიებდნენ ცოდვებს და ბოდიშს უხდიდნენ მათ იმ უსამართლობისა და სისატიკისათვის, რასაც ამერიკული მთავრობა წლების მანძილზე ჩადიოდა ინდიელების მიმართ. ამ მხრივ ბოლო წლების პოლიტიკურად ყველაზე კორექტული ფილმია ქევინ ქოსთნერის “ცეკვები მგლებთან”, რომელმაც 1990 წელს შვიდი ოსკარი დამსახურა.
ფილმის მოქმედება ხდება ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, ქევინ ქოსთნერი თამაშობს ამერიკის არმიის იდეალისტ ოფიცერს ჯონ დანბარს, რომელიც დაუახლოვდება სიუს ტომის ინდიელებს და ბოლოს ერთ_ერთი მათგანი გახდება. ნიშნად იმისა, რომ იგი ლაკოტა სიუს წევრი გახდა ინდიელები მას სახელს შეარქმევენ_ “ცეკვები მგლებთან”.
ქევინ ქოსთნერი ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ინდიელების თემით, იგი ბევრს კითხულობდა მათი ისტორიის შესახებ, ამ დაინტერესების ერთ-ერთი მიზეზი ალბათ, ისიც გახლავთ, რომ ქოსთნერის დიდი ბებია ჩეროკის ტომის ინდიელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 80-იანი წლების დასასრულს ეკონომიკური თვალსაზრისით ძალზე სარისკო იყო ინდიელების თემაზე ფილმის გადაღება, რაც მთავარია ამისთვის ფულის შოვნა და შემდეგ კი მოგების ნახვა, ქოსთნერმა მაინც თავის სარეჟისორო დებიუტად მაიქლ ბლეიქის ნაწარმოები აირჩია. ფილმი სულ 18 მილიონი დოლარი დაჯდა, ეს არც თუ ისე დიდი თანხაა, თუ გავითვალისწინებთ რომ მაშინ ჰოლივუდური ფილმის წარმოება 50- 60 მილიონი დოლარი ღირდა. მაგრამ ფილმმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. დღეისთვის მისმა შემოსავალმა 442 მილიონი დოლარი შეადგინა.
ვესთერნის დიდი მოტრფიალე ქოსთნერი აცხადებდა:”ეს ფილმი ჩემი სასიყვარულო გზავნილია ჩვენი წარსულისადმი… გულის სიღრმეში მე თავგადასავლების მაძიებელი ვარ. ყიველთვის მხიბლავდა ცხენზე ამხედრებული მარტოხელა, დამოუკიდებელი და თავისუფალი რაინდის სახე, მაგრამ მე დავიბადე ასი წლით გვიან, რომ განმეცადა ყოველივე ეს და ოცდაათი წლით გვიან, რომ მონაწილეობა მიმეღო ჰოლივუდის დიდი ვესთერნის ეპოქის შექმნაში.
“ცეკვები მგლებთან” ასახავს ამერიკის ისტორიის იმ შავბნელ მონაკვეთს, რომელიც ყველასათვის კარგად არის ცნობილი და რომელსაც არავინ უწოდებს გენოციდს_ამბობდა რეჟისორი_ ინდიელებს ანადგურებდნენ, სპობდნენ მათ კულტურას, რათა დაეპყროთ მათი მიწა, დღეს კი ამბობენ, ეს მიწა ჩვენთვის აუცილებელი არ იყოო”.
ბევრი კრიტიკოსს მიაჩნდა რომ ამ ფილმში ინდიელები გაიდიალიზებულნი არიან, რაზედაც ქოსთნერი პასუხობდა:” არავითარ შემთხვევაში. დაკვირვებულ მაყურებელს ეს ფილმი დაარწმუნებს, რომ მამაკაცები, უპირველეს ყოვლისა მამაკაცები არიან თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, მიუხედავად კანის ფერისა. არა მგონია ფილმში ინდიელები თეთრკანიანებზე უფრო განვითარებულ ხალხად მყავდეს წარმოდგენილი. მე ეს ფილმი იმისთვის გადავიღე, რომ ყველამ რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი დაინახოს მასში. ზოგიერთისთვის ეს მხოლოდ კარგი სათავგადასავლო ფილმია, ზოგისთვის ერთი ხალხის მიერ მეორის ჩაგვრის ამსახველი სურათი, ზოგისთვის კი რასიზმი”. თუმცა უნდა ითქვას, რომ გაიდიალიზებას ადგილი მაინც ჰქონდა, რადგან სიუს ინდიელები მეტისმეტად წესიერ ხალხად არიან ნაჩვენები, რომლებიც თავისი ქცევით კარდინალურად განსხვავდებიან ნათესავებისაგან, თუნდაც პოუნისაგან, ამ დროს კი კარგად არის ცნობილი თუ რა სისატიკით ეპყრობოდნენ სიუს ინდიელები თავის მტრებს და უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეებსაც, რისი დამადასტურებელი დოკუმენტური ფაქტები მრავლად არსებობს.
რომანის მოქმედი პირნი კომანჩის ტომის ინდიელები არიან, ფილმში კი ისინი სიუს ტომს ეკუთვნიან. ეს ცვლილება იმიტომ მოხდა, რომ კომანჩის ტომის ინდიელების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი_იგი სწრაფად განადგურდა. სიუ ერთ_ერთი იმ ტომთაგანია, რომლის კულტურაც და ისტორიაც კარგად არის ცნობილი. უშიშარი მეომრები, ისინი დიდხანს უმკლავდებოდნენ ამერიკულ არმიას თავიანთი ბელადების “წითელი ღრუბელის”, “შეშლილი ცხენისა” და “მჯდომარე ხარის” მეთაურობით. მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ გადასაღებად საჭირო ბიზონების ერთადერთი ფერმა ჩრდილოეთ დაკოტაში ლაკოტა სიუს ინდიელების რეზერვაციასთან მდებარეობდა, გადაღებებში უმეტესწილად ამ ტომის ინდიელები მონაწილეობდნენ და მათთვის კომანჩების ენის შესწავლა ბევრ დროსა და სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც გადაწყვიტეს ფილმის შემქმნელებმა კომანჩები სიუთი შეეცვალათ.
ფილმში მსახიობებთან ერთად უამრავი ცხოველიც მონაწილეობდა, მათ შორის მთავარი, სათაურიდან გამომდინარე, მგელი იყო. თავდაპირველად უნდოდათ მგლის მაგიერ ძაღლის გადაღება, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მგლისთვის დამახასიათებელი მოძრაობა ვერც ერთმა ძაღლმა ვერ გადმოსცა. ბოლოს მოიყვანეს ნამდვილი მგელი თავის მწვრთნელთან ერთად. თორმეტი დღე დასჭირდათ მგელთან კონტაქტი რომ დაემყარებინათ, მგელმა ძალიან შეიყვარა ბავშვები, მაგრამ ქოსთნერს მოწყალე თვალით არ შეხედა.
ბიზონებთან დაკავშირებული სცენების გადაღებებისას კი დასჭირდათ ვეტმფრენი, ათი საბარგო მანქანა, ოცდაოთხი ინდიელი მხედარი, ოცი კოვბოი, სამი ათას ხუთასი ბიზონი. ამის გარდა იყო რამოდენიმე მექანიკური ბიზონის ფიგურაც. საერთო ხედებზე იყენებდნენ აგრეთვე მოთვინიერებულ ბიზონებსაც, რომელთაგან ორი როკ ვარსკვლავ ნილ იანგს ეკუთვნოდა, მაგრამ ხშირად საჭირო იყო გარეული ბიზონების ჯოგიც, რომლებიც საათში 50 კილომეტრი სიჩქარით დარბოდა. ასეთ სახიფათო გადაღებაზე ქევინ ქოსთნერი დუბლიორის გარეშე გადიოდა, რათა ეპიზოდი უფრო დამაჯერებელი გამოსულიყო. გადაღებებისას იგი ორჯერ ჩამოვარდა ცხენიდან, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
ფილმის გადაღებები სამ თვეს მიმდინარეობდა, ქევინ ქოსთნერი იხსენებდა:”ყველაზე რთული იყო აქტიური მოქმედების სცენების გადაღება. ერთდროულად თვალყური უნდა მედევნებინა სტატისტების მოძრაობისათვის, გადამღები ჯგუფისათვის, მსახიობებისათვის და ბოლოს იმისთვის, რასაც მე ვაკეთებდი. გაცილებით უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს ინტიმური ან დრამატული სცენების გადაღების დროს. მე მსურდა, რომ ფილმი რაც შეიძლება რეალისტური ყოფილიყო. მიყვარს, როდესაც ფილმში გადმოცემული ისტორია ლოგიკურად ვითარდება, მიყვარს სენტიმენტალური ჩანართები, კინო ხომ თავად ცხოვრებაა”.
რეჟისორმა და მსახიობმა ქევინ ქოსთნერმა ყველაფერი გააკეთა რათა ამ ფილმით მაყურებლამდე მიეტანა მთავარი დედა აზრი_არავითარი მნიშვნელობა არა აქვს კანის ფერს, ყველა ადამიანი, რომელიც ამ დედამიწაზეა გაჩენილი ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს. ქოსთნერი ამბობდა:”მთავარია იბრძოლო იმ იდეისათვის, რომელიც სწორად მიგაჩნია, აკეთო ის რაც გინდა. არ არის საჭირო კომპრომისი, ფილმი ისე რომ ვერ გამეკეთებინა, როგორც ჩავიფიქრე, საერთოდ მივანებებდი თავს. მე ყველას დავუმტკიცე, რომ ჩემი გადაწყვეტილება მტკიცე და სერიოზულია”.