აბზინდა ბუნებაში კარგად გავრცელებული მცენარეა და არც მისი ცნობა უჭირთ. იგი კარგადაა გავრცელებული გურიაშიც, ოღონდ ჰგავს ე. წ. “მამულას” და მასში არ უნდა აგერიოთ.
სხვა, არა ერთი მცენარის მსგავსად, მისი ნახარში ძალიან კარგი საშუალებაა სხვადასხვა მავნებელი მწერების და ბუგრების მოსასპობად. ვარდებსა და სხვა ყვავილოვნებზე ფოთოლჭამიების გასანადგურებლად.
ჩვენი მკითხველი დაგვეთანხმება, რომ თხილზე არა ერთხელ გვინახავს ძაფებად დარჩენილი, შეჭმული ფოთლები. სხვა მავნებლებიც ძალიან მიეტანა ბოლო ჟამს თხილს და საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა.
ჩვენც თქვენთან ერთად გვინდა ვცადოთ და აბზინდას ნაყენი შევასხუროთ თხილის ბუჩქებს _ სავარაუდოდ, შედეგი უნდა დადგეს.
შესასხურებელი ხსნარი მოვამზადოთ ასე: ერთი კილოგრამი მოკრეფილი, დამჭკნარი აბზინდა, ფესვების გარეშე, მოვხარშოთ ათი წუთის განმავლობაში, ორ ლიტრ წყალში. შემდეგ ეს ნახარში გავწუროთ და დავუმატოთ ათი ლიტრი წყალი. გავაჩეროთ ერთი დღე. შემდეგ შევასხუროთ ვარდებს, სხვა და სხვა ბუჩქოვნებს და ვცადოთ თხილის ბუჩქზეც. ერთი კვირის შემდეგ, კვლავ გავიმეოროთ და შევასხუროთ.
აბზინდას მსგავსად, დოზის იგივე შეფარდებით, შეიძლება მწარე წიწაკის, ნივრის და ხახვის ნაფცქვენის, კარტოფილის მიწისზედა ღეროების ნახარშის შეზავება და შესხურება მცენარეებისთვის.
სცადეთ და დაამზადეთ უფასოდ. თუ საოცარ შედეგს ვერ მიიღებთ, მაინც საკმაოდ დაიცავთ საკუთარ კარმიდამოს ბუგრებისგან, ფოთოლჭამიებისგან და საოჯახო ბიუჯეტის ეკონომიასაც მოახდენთ.