დღეისთვის საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი თხილის პლანტაციები, რომელიც, ძირითადად სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებისგან დასნებოვნებული, ვარგის მოსავალს აღარ გვაძლევს, სასწრაფო შველას ითხოვს. ამ ყველაფერს მავნებელ აზიური ფაროსანას შემოსვლაც დაერთო, რამაც, ფაქტობრივად სამომავლოდ თხილის ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენა.
განსაკუთრებით უნდა მივმართოთ გურულ ფერერებს, რადგან ჩვენს რეგიონში, ჩაის კულტურის ამოძირკვის შემდეგ, თხილმა საარსებო ნიშა შეიძინა და ადამიანი რომ ულუკმაპუროდ არ დარჩეს, ოქტომბრის ბოლოდან სერიოზული სამუშაოები დავიწყოთ ყველგან, სადაც თუნდაც ერთი ძირი თხილი დგას.
პირველ რიგში, მოსახლეობის უმეტესობამ ნიჰილისტური მიდგომა უნდა უკუაგდოს და უკანასკნელი, გვიან მოსავლიანი ველურა ჯიშების მსხმოიარობის დასრულებისთანავე დავიწყოთ მავნებლებისგან თუ სხვადასხვა დაავადებებისგან დაზიანებული ტოტების ჩამოჭრა, გამხმარი და უვარგისი ადგილები კი გამოვსხლათ. თუ სადმე კვირტის ტკიპას შევამჩნევთ, რაც ამ დროისთვის ნაკლებად არის, მაინც მოვაშოროთ. ეს ყველაფერი შევაგროვოთ, გავიტანოთ ნაკვეთიდან და მთლიანად დავწვათ.
სათხილეში კარგად დავაკვირდეთ და თუ არის მთლიანად გამხმარი მცენარის შტამბები, ყველა გამოვჭრათ, რადგან ეს ამბროზიის ხოჭოს ნამოქმედარია და აუცილებლად მომდევნო შტამბზე გადაინაცვლებს.
როცა ტოტების და სხვადასხვა ნასხლავების გატანას და დაწვას მოვრჩებით, სათხილე კარგად მოვფოცხოთ და ესეც დავწვათ. ამის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ თხილს არ აქვს ფოთლები დაცვენილი, მოვახდინოთ თხილის გულის სიდამპლის საწინააღმდეგო სპილენძის შემცველობის და ნაცრის საწინააღმდეგო გოგირდის შემცველი ფუნგიციდების შესხურება.
ეს ყველაფერი კარგად იმოქმედებს სოკოვანი დაავადებების და ბაქტერიული სიდამწვრის თუ სხვა ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ. ზემოთ თქმული ფუნგიციდებისთვის ყველა მეურნემ უნდა მიაკითხოს სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს, სადაც საჭირო და ეფექტურ რჩევებს მისცემენ და მიაწვდიან პრეპარატებს, მიუთითებენ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ესა თუ ის წამალი.
ასევე. ყველას შეუძლია რჩევისთვის მიმართოს სოფლის მეურნეობის განვითარების რეგიონულ სამსახურს, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრს, მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განყოფილებებს.
ცნობილია, რომ თხილს ფოთლები გვიანობამდე არ სცვივა. სრულად ჩამოცვენის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოვფოცხოთ ჩვენი პლანტაციები და აუცილებლად დავწვათ, ბოლო გროვაც კი ბოლომდე დავწვათ. ფაროსანა სწორედ ასეთ გროვებში, ფუღუროებში, ხავსიან ადგილებში იზამთრებს, სახლებისა და სხვა ნაგებობების გარდა. ამიტომ, წელს, უარი უნდა ვთქვათ ფოთლების გროვებისგან წარმოქმნილ საუკეთესო ნეშომპალაზე, რომელიც ძალიან კარგი არაორგანული სასუქია და დავწვათ.
ნოემბრის ბოლოს, ამ პროცესების საბოლოოდ დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ შევასხუროთ თხილის პლანტაციებს გოგირდის და სპილენძის შემცველობის ფუნგიციდები.
რიგითი, გამოცდილი ფერმერები, კერძო საუბარში ხშირად აღნიშნავენ, რომ თხილის პლანტაციებში, სხვადასხვა ბუგრებისა და სოკოვანი დაავადებების თუ ნაცრის საწინააღმდეგოდ, ჩვეულებრივი ბორდოს და კირის ხსნარით შეწამვლაც კარგ შედეგს იძლევა. ხსნარი ისეთივე პროპორციებით უნდა ვიხმაროთ, როგორიც სჭირდება ვენახს, თუნდაც პომიდორს.
ხალხს, გლეხობის დიდ ნაწილს უკვირს, რატომ დასრულდა ასეთი ცუდი შედეგით თხილის აღმავალი განვითარება და რატომღაც არ უკვირთ ის, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე, რაც თხილი წამყვან კულტურად იქცა, მისი შეწამვლა ან მისთვის ნიადაგის განოყიერება, ძირითადად, არავის გახსენებია _ უმთავრეს საქმედ ითვლებოდა პლანტაციების გაცელვა და საკმაოდ ზერელე გამოჭრა, რაც მნიშვნელოვან ეფექტს არ იძლევა თხილის მოვლა-განვითარების საქმეში.
შედეგიც დადგა _ სოკოვანი დაავადებების და ნაცრის დაავადების გარდა, ფაროსანას შემოტევა თხილზე, შესაძლოა, დამღუპველი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ მომავალი გაზაფხულისთვის ყურადღებით არ ვიქნებით. ფაროსანა ძირითადად მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში დაიწყებს გამოსვლას. ამიტომ აქედანვე უნდა დავიხსომოთ და ვემზადოთ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის. მავნებლის გამოსვლამდე, აპრილსა და მაისში, თხილის ბაღებში სოკოვანი და ნაცრის დაავადებების საწინააღმდეგო შესხურებას უნდა მოვრჩეთ. შემდეგ კი, ფაროსანას ნებისმიერი გამოჩენის შემთხვევაში, უფრო გაგვიადვილდება წინააღმდეგობის გაწევა. დაუძლეველი არაფერია. დაავადებებთან და მავნებელთან ომს ფერმერი აუცილებლად მოიგებს, თუ სტრატეგიულად და დაუზარელად იმოქმედებს.