მას შემდეგ, რაც 2015 წელს საშიში მავნებელი აზიური ფაროსანა, იგივე მარმარა ბაღლინჯო, საქართველოში გამოჩნდა, “გურია ნიუსი” ერთ-ერთი პირველი მედიასაშუალება იყო, რომელმაც აღნიშნული მავნებლის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
2017 წლის გაზაფხულზე, 24 მარტს, საქართველოს მთავრობის მიერ გამოიცა განკარგულება “აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ”. მოგვიანებით კი, მაისში, მოხდა ამ განკარგულების კორექტირება.
რა რაოდენობის თანხა, საწვავი, შესაწამლი პრეპარატი და აპარატი გამოიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის, აქედან რამდენი გაიხარჯა, რა იყო გადმოცემული საჩუქრად და რა დაბრუნდა უკან, ამის შესახებ “გურია ნიუსთან” საუბრობენ შესაბამისი სამსახურების ადგილობრივი წარმომადგენლები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსის, გიგა ხარაბაძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის აღნიშნული განკარგულების თანახმად, მავნებელ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, გურიის რეგიონშიც წინასწარ დასახეს მთელი რიგი ღონისძიებები.
_ უნდა აღვნიშნო, რომ რთული კლიმატური პირობების გამო, რაც უმეტესად წვიმიანი ამინდებით გამოიხატა, შეუძლებელი გახდა პირველი წამლობის ჩატარება. 2017 წლის ზაფხულის პერიოდში, კონკრეტულად, 12 ივნისიდან დავიწყეთ მუშაობა და 15 ივლისამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 7 600,86 ჰექტარი ფართობი დამუშავდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ სამუშაოების ჩასატარებლად მანამდე სპეციალური ტრენინგი გაიარა 462-მა მუშამ. მათთვის განკუთვნილი იყო 231 შესაწამლი აპარატი, ანუ ორი მუშისთვის განისაზღვრა ერთი სოლო-აპარატი, თავისი დამცავი საშუალებებით _ ეს არის კომბინეზონი, სათვალე, ფილტრიანი რესპირატორები და ასე შემდეგ, _ ამბობს ხარაბაძე.
მისივე განმარტებით, პირველი წამლობისთვის რომელიც, ცუდი ამინდის გამო, მეორე წამლობის ვადაში ჩატარდა, გაიხარჯა 608, 07 ლიტრი ზეთი, რომელიც საჭირო იყო აპარატებისთვის; რაც შეეხება წამალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო გამოიყო 4 560,52 ლიტრი ბიფეტრინი. ამას დაემატა კიდევ სამი ლიტრი, რომელიც გადაეცა ერთ-ერთ ფერმერს. მას საკუთრებაში აქვს ხუთი ჰექტარი ფართობი. საბოლოო ჯამის მიხედვით, ეს წამალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიხარჯა 4 563,52 ლიტრის რაოდენობით.
კითხვაზე, თუ რა რაოდენობის ბიფეტრინი იყო გამოყოფილი ორივე წამლობისთვის, რამდენი გამოიყენეს და რამდენი _ ვერა, გიგა ხარაბაძე ამბობს, რომ სულ ორი წამლობისთვის, გამოყოფილი იყო 9 478 ლიტრი ბიფეტრინი.
_ აქედან დაიხარჯა 4 573,52 ლიტრი, დარჩენილი 4 934,48 ლიტრი კი უკან დაუბრუნდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს. მეორე წამლობა აღარ ჩატარებულა, რადგან, როგორც ცნობილია, ცუდი კლიმატური პირობების გამო, პირველი წამლობა ჩავატარეთ დაგვიანებით, მაშინ, როცა წესით უკვე მეორე წამლობა უნდა ჩატარებულიყო. შემდეგ კი, სექტემბერში, მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 17 500 ლიტრი ბიფეტრინი და ერთი ცალი ფერომონი უფასოდ დაურიგდა _ თითოეულ ოჯახს თითო ცალი, _ გვითხრა ხარაბაძემ.
შევნიშნავთ, რომ სოფლების გამგებლებს კი მიეწოდათ ეს პრეპარატი და მოსახლეობაშიც დარიგდა, მაგრამ ბევრგან კვლავ გამგეობებში ინახება და ჯერაც არ წაუღია სახელმწიფოსგან ნაჩუქარი ამა თუ იმ ოჯახის წარმომადგენელს. მიზეზი ძირითადად, ყველგან ერთნაირია. სოფლის მცხოვრებთა ნაწილი სამუშაოდ არის წასული სხვადასხვა ქალაქში. ასევე, არიან ოჯახები, რომლებიც სეზონურად ჩადიან სოფლებში, ისე კი დედაქალაქში ცხოვრობენ.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებმა გვიპასუხეს, თხინვალში რვა ოჯახს არ წაუღია, შემოქმედსა და ჭანიეთში 30-მდე ოჯახს, 300 (სამასი) ცალია დარჩენილი სოფელ გურიანთაში. ვაკიჯვრისა და კონჭკათის გამგებლები ამბობენ რომ, ცოტა რაოდენობით დარჩათ გადასაცემი. ძირითადად, ყველა აღნიშნავს, რომ თითოეულ ოჯახს მიეწოდა ინფორმაცია, შეუთვალეს კიდეც, თუმცა დღემდე არ მისულან წასაღებად.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გია მამაკაიშვილის ინფორმაციით, 2017 წელს, ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, პირველ ეტაპზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიხარჯა 411 ათასი ლარი.
ეს თანხა განკუთვნილია უშუალოდ შემწამვლელი ჯგუფების შრომის ანაზღაურებისთვის და შესაწამლი აგრეგატისთვის საწვავის (ბენზინის) შესაძენად. რაც შეეხება უშუალოდ ზეთს, რომელიც აუცილებელია ბენზინში ასარევად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საჩუქრად გადმოეცა მუნიციპალიტეტს. ასევე სააგენტოს მიერ საჩუქრად გადმოეცა მუნიციპალიტეტს შესაწამლი აპარატურა, სოლო-აპარატი, სულ 231 ცალი, რომლებიც სოფლებში ინახება.
თუ როგორ მოხდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, თხილის პლანტაციების დამუშავება, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახორციელდა, ამ პროცესს აკვირდებოდა და უძღვებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახური. მობილურ ჯგუფებთან ერთად, ჟურნალისტებიც მოძრაობდნენ.
მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ოზურგეთის ყველა, 28 სოფელში ჩატარდა, ოღონდ მეტ-ნაკლები ინტენსივობით, რადგან ფაროსანა დიდი რაოდენობით იყო შესული დაბა ურეკის, სოფლების: ნატანების, ჯუმათის და თხინვალის ზონაში. უმეტესად, ეს არის ლანჩხუთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე მდებარე სოფლები, სადაც მავნებლის გავრცელების აქტიური კერა იყო. ამიტომ შეწამვლა ძირითადად ამ მხარეში დაიწყო. შედარებით ნაკლებად შეიწამლა სოფელ ვაკიჯვრის სავარგულები, რადგან აქ თითქმის არ აღინიშნებოდა და მინიმალური იყო მავნებლის გავრცელების არეალი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ის ტერიტორიები, რომელზეც თხილის პლანტაციებია გაშენებული, ჯამში 12 ათას ჰექტარს მოიცავს. ამიტომ, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ სამსახურში არა ერთხელ განმარტეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო აქეთკენ.
_ თხილის პლანტაციები შეიწამლა უკლებლივ ყველგან, სადაც კი გაშენებულია, გარდა იმ ოჯახებისა, რომლებმაც უარი განაცხადეს საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთის დამუშავებაზე, _ აღნიშნავენ აქ.
საქართველოში, ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო პროგრამის ამუშავების შემდეგ, 3 300 კაცი დასაქმდა. მათ შორის 482 ადამიანი დასაქმდა ოზურგეთში. ეს ფაქტი ერთის მხრივ მისასალმებელია, თუმცა, გამოიკვეთა აზრიც, რომ სამომავლოდ უმჯობესი იქნება პლანტაციების, სავარგულების თუ მასივების დამუშავება მოხდეს სპეციალური ტექნიკით. ამის საჭიროება აუცილებელი ხდება ზოგან არაკვალიფიციური ქმედებების გამო, როცა ცალკეული პირები კარგად ვერ ფლობენ შეწამვლის მეთოდებსა და ხერხებს.
_ მართალია, მთლიანად გურიაში ტრენინგი გაიარა 712-მა პირმა, მაგრამ მომზადების დონე სხვადასხვა აღმოჩნდა. ეს დამოკიდებულია იმაზე, ვის როგორი უნარები აღმოაჩნდება ათვისების მხრივ, _ გვითხრეს სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში.
აღნიშნული მავნებლის მკვლევარი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ანგელინა ნიკოლაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ის მავნებელი არ არის, რომელიც ჩვენში ადრეც იყო:
_ რატომღაც აიგივებენ. ეს მწერები, ერთიც და მეორეც, არის მყრალების ოჯახიდან. ერთნაირად ახასიათებთ სუნი და მას ეძახდნენ ცნობილ სახელს.
განსხვავება ისაა, რომ აზიური ფაროსანა საშიში მავნებელია, იგი ბოლომდე არ არის შესწავლილი და ადრე ჩვენში გავრცელებულ ე. წ. “ცუანასგან” განსხვავებით, პირდაპირ სანაყოფე კვირტს ანადგურებს. არანაირ შანსს ხელიდან არ ვუშვებ, რომ როცა მედიასაშუალებების წარმომადგენლები მესაუბრებიან, მოვუწოდო ყველას, გაანადგურონ თუნდაც ერთი ცალი ფაროსანა, როცა ამის საშუალება მიეცემათ. გახსოვთ, ალბათ, 2015 წელს, როცა პირველად ეს მავნებელი გამოჩნდა, მე “გურია ნიუსს” მივაწოდე სტატია, სადაც მოახლოებულ საშიშროებაზე ვსაუბრობდი. მაშინ ბევრს არ ეგონა, თუ ფაროსანას შემოსევას ასეთი მასშტაბები ექნებოდა. სამწუხაროდ, ფაქტი სახეზეა. ახლა საჭიროა თავგანწირული ბრძოლა ამ ვერაგი მავნებლის წინააღმდეგ, _ ამბობს ანგელინა ნიკოლაიშვილი.