დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა კონკურსის „მე ომბუდსმენი 2017“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
როგორც ცნობილია, კონკურსი „მე ომბუდსმენი“ მერვედ გაიმართა.
თამაში 2 ოქტომბერს დაიწყო და რეგისტრაცია 434-მა გუნდმა გაიარა.
პირველი და მეორე ტურის გავლის შემდეგ, მესამე საფინალო რაუნდში მხოლოდ 12 გუნდი გადავიდა. ფინალური რაუნდის ნაშრომები 3 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
კონკურსი „მე ომბუდსმენი 2017“ პირველი ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანი თუთისმანმა და მარიამ ჩხარტიშვილმა დაიკავეს, (გუნდი „ვიქტორია“), მეორე ადგილზე გავიდნენ ფოთის 11-ე სკოლის მოსწავლეები ლეო შელია და გურამ მეგრელიშვილი (გუნდი დ.მ.ს.მ), ხოლო მესამე ადგილი თბილისის 149-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორენა ჯანჯღავას და სოფიკო კობლიშვილს (გუნდი „დომინანტი“) ერგოთ.
მათ საჩუქარად ლეპტოპები და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.
როგორც „გურა ნიუსთან“ საუბრისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანი თუთისმანმა განაცხადა, კონკურსის განმავლობაში მან და მისი გუნდის წევრებმა დიდი გამოცდილება შეიძინეს.
„კონკურსი იყო ძალიან საინტერესო იმ კუთხით რომ ეხებოდა ადამიანის უფლებებს. ეს თემები და საკითხები დღეს ძალიან აქტუალურია. განსაკუტრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობაშიც იყოს ამ კუთხით გარკვეული ცნობიერება და ეს კონკურსიც ემსახურებოდეს სწორედ ამ ცნობიერების ამაღლებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელვანი იყო მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ზოგადად ასეთი კონკურსებით არ ვართ განებივრებულები. კონკურსი იყო ძალიან მრავალფეროვანი და ბევრის მომცემი. ძალიან განვითარდით კონკურსის თითეულ ეტაპზე და საბოლოოდ მოულოდნელად გავიმარჯვეთ, რაც ნამდვილად სასიხარულოა. ყველას მომავალში ვუსურვებ და რეკომენდაციას გავუწევ ასე ვთქვათ, რომ ამ კონკურსდში მიიღონ მონაწილეობა“,_ ამბობს თუთისმანი.