საქართველოში ტექდათვალიერება პირველი იანვრიდან ამოქმედდება. 2018 წლიდან შემოწმდება მხოლოდ სატვირთო, სამგზავრო და მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც ტექინსპექტირება აქამდეც ეხებოდა, თუმცა გამკაცრდება სტანდარტი და გაიზრდება ჯარიმა.
როდიდან შეეხება ის უკლებლივ ყველა მძღოლს, დამოკიდებულია ავტომობილის მფლობელზე, ძრავის სიმძლავრეზე და რეგისტრაციის თარიღზე.
ავტომობილებს, რომელთა ძრავის მოცულობა 3.0 ან უფრო მეტია, ტექინსპექტირება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან შეეხება. კომპანიების სახელზე რეგისტრირებულებს კი უფრო ადრე, 2018 წლის 1 ივლისიდან.
ტექინსპექტირება 7 ელემენტს მოიცავს და ერთ-ერთი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებაა. რეგულაციის ძალაში შესვლიდან კატალიზატორის ქონა სავალდებულო არ იქნება. მთავარია, გამონაბოლქვში “ცეოს” რაოდენობა დასაშვებ ზღვარს არ აღემატებოდეს.
გარემოს სააგენტო ჰაერის ხარისხის რამდენიმე წელი ყოველდღიურად იკვლევს, ბოლო დროს 24 საათის განმავლობაში. ჰაერის დამაბინძურებელი ყველაზე სერიოზული საფრთხეების – მყარი შეწონილი ნაწილაკების, იგივე მტვრისა და აზოტს დიოქსიდის წყარო გაუმართავი ავტომობილია.
სატვირთო, სამგზავრო და მისაბმელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექინსპექტირება ისედაც მოქმედებდა, მაგრამ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პირობები შეიცვლება და გამკაცრდება.
კომპანიების, ორგანიზაციების ან საჯარო სამსახურების მფლობელობაში მყოფი ავტომობილებისთვის ტექინსპექტირება სავალდებულო გახდება 2018 წლის 1-ლი ივლისიდან.
მსუბუქი ავტომობილებისთვის, რომელთა ძრავის მუშა მოცულობა შეადგენს 3 ათას კუბურ სანტიმეტრს ან მეტს, ტექინსპექტირება ძალაში შევა 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან.
ხოლო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ტექინსპექტირება ამოქმედდება უკვე ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტოსთვის.
ტექინსპექტირების ღირებულება მსუბუქი და მისაბმელი საშუალებებისთვის 60 ლარი იქნება. ხოლო სატვირთო და სამგზავრისთვის _ 100 ლარი.
თუ ავტომობილი აუცილებელი ჩამონათვალის ერთ ან რამდენიმე პუნქტს ვერ აკმაყოფილებს, მის მფლობელს ერთი თვე აქვს ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ ავტომობილის მფლობელი შემდეგ ამ პუნქტების ხელმეორედ შესამოწმებლად იმავე სერვისცენტრში მივა, მომსახურებისთვის დამატებით ფულის გადახდა აღარ მოუწევს.
ტექინსპექტირების ვადების დარღვევისთვის კერძო პირი დაჯარიმდება 50 ლარით. ხოლო იურიდიული პირი ან ინდმეწარმე _ 200 ლარით. 200-ს ლარს დაემატება კიდევ 50-ლარიანი ჯარიმა იმ მძღოლისთვის, რომელიც უშუალოდ მართავდა კომპანიის შეუმოწმებელ მანქანას.
გარდა ამისა, ყველა მძღოლი პირველივე დღეებში ვერ მოასწრებს საკუთარი ავტომობილის ინსპექტირებას.
rustavi2.ge